წყალტუბოს მუნიციპალიტეტი სახალხო დღესასწაულის მეათე, საიუბილეო, აღნიშვნისათვის ემზადება.
„შემოდგომის წყალტუბო 2023“ 28 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
„დღესასწაულები ალამაზებენ ადამიანების ცხოვრებას. ყოველი დღესასწაული საოცარი ძალით აერთიანებს ადამიანებს. ამგვარი ერთიანობა კი იმ ცვლილების საწინდარია, რომლებიც ნიადაგს უმზადებენ მუნიციპალიტეტის გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით.
ღონისძიებები, რომლებიც დაგეგმილია ჩვენი ქალაქის დღესასწაულის „შემოდგომის წყალტუბოს“ ფარგლებში, მნიშვნელოვან დახმარებას გაგვიწევს, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ვუმასპინძლებთ დელეგაციებს დამეგობრებული ქალაქებიდან, ასევე, გარკვეულ როლს ითამაშებს ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობისა და საკურორტო პოტენციალის პოპულარიზაციის საქმეში.
ყოველ ჩვენგანს, თითოეულ წყალტუბოელს საშუალება გვეძლევა, ვუმასპინძლოთ ქალაქის სტუმრებს. გავაცნოთ ჩვენი ტრადიციები, ღირებულებები, საინტერესო ადამიანები. დადებითი ემოციები გავუზიაროთ ერთმანეთს და მადლიერება გამოვხატოთ მათ მიმართ, ვინც თავისი საქმიანობით დაკავშირებულია და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ან შეაქვს ქალაქის განვითარებასა და კეთილდღეობაში.
წელს პირველად, სადღესასწაულო საღამოზე, საზეიმო ვითარებაში საპატიო მოქალაქეებთან ერთად დასახელდებიან მერის სტიპენდიანტები და წარმატებული სპორტსმენები. ახალგაზრდები წყალტუბოდან, რომლებიც სიამაყით გვავსებენ და გვეიმედებიან.
წელს, დღესასწაულის საიუბილეო აღნიშვნა 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. გაიხსნება საერთაშორისო ტურისტული ფილმების ჩვენების ფესტივალით და დასრულდება კლასიკური მუსიკის კონცერტით თეთრა მღვიმის შემოგარენში, ულამაზესი ბუნების ფონზე.
მთავარი გალა კონცერტი ცნობილი ქართველი საესტრადო ვარსკვლავების მონაწილოებით ქალაქის ცენტრში 30 სექტემბერს გაიმართება.
სადღესასწაულო ღონისძიებაზე მოწვეული არიან უცხოელი თუ ადგილობრივი მოქალაქეები. ადამიანები, რომლებსაც ახსოვთ წყალტუბოში გატარებული სასიამოვნო დღეები თუ წლები; ადამიანები, რომლებმაც შეიცვალეს საცხოვრებელი ადგილი, მაგრამ მათთვის წყალტუბო მაინც რჩება მშობლიურ სივრცედ.
მინდა, წელს ქალაქის დღესასწაული იყოს გაცილებით უფრო მასშტაბური, მრავალფეროვანი ღონისძიებებით დატვირთული; საზეიმო განწყობის შექმნა ქალაქში თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. გაზიარებული სიხარული ქმნის საზეიმო განწყობას, გვაერთიანებს და გვაძლიერებს სამომავლო მიზნების მიღწევისათვის,"-ამბობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი
ბალანჩივაძე.