ქუთაისში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს 12 ახალი პროექტი დაემატა
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილეები დავით ნიშნიანიძე, შალვა მშვილდაძე და მერიის სამსახურების ხელმძღვანელები ქალაქის საკრებულოს სხდომას დაესწრნენ.
სხდომაზე ქუთაისის მერიის რამდენიმე სამსახურის დებულებაში შეტანილი ცვლილებები დაამტკიცეს.
ცვლილებები, ასევე, შევიდა განკარგულებაში “საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2024-2027 წლებში დასაფინანსებელი პროექტების საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“.
ცვლილებების თანახმად, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, ქუთაისში უკვე განხორციელებულ 12 ინფრასტრუქტურულ პროექტს კიდევ 12 ახალი პროექტი დაემატა, მათ შორის: ჭავჭავაძის, გამსახურდიას, ავტომშენებლის, აბაშიძის, ახალგაზრდობის, მახვილაძისა და თაბუკაშვილის ქუჩებზე მრავალბინიანი სახლების ფასადების რეაბილიტაცია; ჯანელიძის, ერისთავის, ქანთარიას, ლეონიძის, აბაშიძისა და ბაგრატიონის ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.





