ჭიათურელ მამაკაცს თბილისში, მდინარე მტკვარში ეძებენ
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც თბილისში, მდინარე მტკვარში ეძებენ, 36 წლის რაჟდენ ჩინჩალაძეა. რაჟდენი ჭიათურის სოფელ ითხვისიდან იყო და თბილისში ხელობაზე მუშაობდა.
"დიდი ტრაგედია დატრიალდა, 36 წლის რაჟდენ ჩინჩალაძეს ეძებენ მაშველები. რაჟდენი დაოჯახებული იყო, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ოჯახი თბილისში ქირით ცხოვრობდა. მღებავი იყო და მუშაობდა ხელობაზე. გუშინ გვიან გავიგე ეს საშინელი ამბავი და ძალიან განვიცდი. როგორც ამბობენ, სხვა მანქანა დაეჯახა. უპატიოსნესი ბიჭია, მთელი სოფელი ჩასულია დიდი და პატარა იქ დგას და ეძებენ. ძალიან პატიოსანს ოჯახში გაზრდილი, თვითონაც უწესიერესი ბიჭი, ძალიან კარგი ოჯახი შექმნა და თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ხდება ახლა ჩვენს სოფელში. მთელი სოფელი განიცდის, აქ ცხოვრობს მისი დედა, მამა რუსეთშია. ჯერ არ მივსულვარ ოჯახში, რადგან გუშინ გვიან გავიგე ეს ამბავი.
ძალიან, ძალიან კარგი ახალგაზრდაა. ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველა ამას გეტყვით. ახლა ველაპარაკებოდი ჩემს თანასოფლელებს და ამბობენ, იმდენი ადამიანია ჩამოსული რაიონიდან, მაშველებს უკვირთ ეს ხალხი სულ ყველა ერთი რაიონიდან ხართ ჩამოსულიო?. მთელი უბნის ახალგაზრდობა ჩასულია, ყველა განიცდის. არ ვიცი ამ ახალგაზრდამ, ამ პატარა დროში როგორ შეაყვარა ასე თავი მთელ სოფელს. ძალიან დიდი სოფელია ჩვენი სოფელი. ავარიის დეტალებს ალბათ სამართალდამცავები იძიებენ. ის შემიძლია გითხრათ, რომ რაჟდენს "ჯეტა ჰყავდა. სოციალურ ქსელში წერენ, რომ მერსედესი შეეჯახაო" - ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი სოფელ ითხვისში ბატონი დავით მოცრაძე.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება.





