იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე, გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტღებიუკს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა იმერეთში გაეროს სააგენტოების საქმიანობასა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს. კერძოდ, გაეროს სააგენტოები ხელს უწყობენ მეწარმეობისა და მწვანე ეკონომიკის განვითარებას, ახორციელებენ გარემოსდაცვით პროექტებს, ასევე მხარს უჭერენ საგანმანათლებლო პროექტებსა და ახალგაზრდების ინიციატივებს.
გაეროს სააგენტოების ეგიდით იმერეთის რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა თუ პროექტი განხორციელდა. ბოლო პერიოდში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხელი მოეწერა პარტნიორულ შეთანხმებას, რომელის მიზანია ნარჩენების მართვის უკეთესი, უფრო ეფექტიანი და მდგრადი სისტემის ჩამოყალიბება 12-ვე მუნიციპალიტეტში.
ასევე გაეროს ეგიდით ქუთაისში მოეწყო: სეპარირების მოედნები და შესაძლებელი გახდა ნარჩენების დახარისხება; დამონტაჟდა ელექტრო მობილების დამტენები; სატრანსპორტო კომპანიაში განთავსდა მზის პანელები;
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეშში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის ეზოში განხორციელდა ახალგაზრდების თავშეყრის ადგილის მოწყობის პროექტი. სახლ-მუზეუმის ეზოში შეიქმნა კულტურული ცენტრი, რეაბილიტირებული იქნა არსებული საჯარო სივრცე - ამფითეატრი.
წყალტუბოში მწვანე ნარჩენების კომპოსტირების დანერგვა მოხდა, აშენდება მზის პანელებიანი მწვანე ნარჩენების კომპოსტირების ცენტრი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის და გაეროს თანადაფინანსებით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის მოწყობა.
რეგიონში მეწარმეობის და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით ასევე არაერთი პროექტი არის განხორციელებული.
შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს სურვილი პარტნიორული ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდეს.