საჩხერის მერია: ნუ დააზიანებთ, ნუ დაწვავთ, ნუ დაანგრევთ, ნუ დააბიძურებთ თქვენს ქალაქს! ეს ხომ თქვენია, ეს ხომ ყველასია
საჩხერის მერია განცხადებას ავრცელებს და იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილ სკვერებს აზიანებენ.
“უკვე მერამდენედ გვიწევს საზოგადოებისათვის მსგავსი ამბის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მაგრამ ვთვლით, რომ აუცილებელია იცოდეს ხალხმა თუ რა ხდება ჩვენს ქალაქში.
მუნიციპალიტეტი აკეთებს ყველაფერს, შესაძლებლობების ფარგლებში, რომ ჩვენი პატარა ქალაქი თუ მისი შემოგარენი სოფლები იყოს ლამაზი, მოწესრიგებული და სუფთა.
კეთედება ახალი სკვერები, გასართობი სივრცეები, სპორტული მოედნები, ფანჩატურები და სხვა.
მოსახლეობა მუდმივად არის ჩართული ამ პროცესეში და უმეტეს შემთხვევაში ამა თუ იმ ობიექტის აშენება-მოწყობა არის ხალხის მოთხოვნა. გარდა ამისა, დასუფთავების სამსახური მუდმივად მუშაობს არამარტო ქუჩების დაგვა-დასუფთავებაზე, არამედ ნაგვის გატანაზე. მუდმივად ემატება ურნების რაოდენობა და ხდება დაზიანებულის ამოცვლა. თუმცა ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილისთვის უფრო მოსახერხებელი აღმოჩნდა ნაგვის ქუჩაში დაყრა ან ხელოვნური ნაგავსაყრელის შექმნა, რაც კარგად ჩანს ჩვენს მიერ გადაღებულ ფოტოებში.
გარდა ზემოთხსენებული პრობლემისა, თვალსაჩინოა ის დამოკიდებულება, რომელსაც ნაწილი საზოგადოებისა და განსაკუთრებით ახალგაზრდები იჩენენ მუნიციპალიტეტში არსებული ობიექტების მიმართ. კერძოდ: დაზიანებულია სპორტული მოედნები, ფანჩატურები, ძელსკამები, მაგიდები, კალათბურთის ფარები, საყრდენი კედლები და უამრავი სხვა საერთო სარგებლობის ობიექტები.
აღსანიშნავია, რომ ეს ფოტოები არის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იმისა, რისი გადაღებაც შეიძლება. სიტუაცია ბევრად უფრო მძიმეა.
უმორჩილესად გთხოვთ დაიცავით კანონი და გამოიჩინეთ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება.
ნუ დააზიანებთ, ნუ დაწვავთ, ნუ დაანგრევთ, ნუ დააბიძურებთ თქვენს ქალაქს! ეს ხომ თქვენია, ეს ხომ ყველასია, ეს ყველაფერი ხომ თქვენთვის კეთდება?!,”-აცხადებენ საჩხერის მერიაში.





