ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში, თიბისიმ განათლების სივრცე გახსნა, სადაც მოსწავლეები შეძლებენ საგანმანათლებლო და კლასგარეშე აქტივობებით დაკავდნენ.
განათლების სივრცის კონცეფცია სრულად მოსწავლეების საჭიროებებზეა მორგებული. სივრცე ითვალისწინებს მოდულარული მოწყობის პრინციპებს და მორგებადია სხვადასხვა აქტიოვეობებზე. ადგილზე შესაძლებელი იქნება ღონისძიებების, პრეზენტაციებისა და სასკოლო კლუბების აქტივობების გამართვა, როგორიცაა: ჭადრაკი, კითხვა, ვოკალი, სხვადასხვა ტიპის ვორქშოფი, მულტიმედია ფორმატის გაკვეთილები და სხვა. მოსწავლეები დამატებით შეძლებენ სივრცე სამეცადინოდ გამოიყენონ და ამასთანავე გაეცნონ მათი ასაკისა და ინტერესების შესაბამის ლიტერატურას როგორც სივრცეში მოწყობილ ბიბლიოთეკაში, ისე „საბას“ ელექტრონულ ბიბლიოთეკაში.
“ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ყველანი შევიკრიბეთ, რათა ვნახოთ როგორი გამოვიდა სპეციალიზებული ოთახი მოზარდებისთვის. ეს არის თიბისის ახალი პროექტი, რომელიც დავიწყეთ ქუთაისიდან და გვინდა მთელ საქართველოში გავავრცელოთ. სივრცე არის მოდულარული, არ არის სტანდარტული, სცდება ტრადიციული კლასის მოწყობას. სივრცე სპეციალურად არის გაკეთებული. მოდულარულობა გულისხმობს, რომ ოთახის ადაპტირება შეიძლება შეხედულებისამებრ, მოეწყოს სხვადასხვა საკლასო თუ კლასგარეშე ღონისძიებებისთვის. აქ ბავშვებს შეუძლიათ ითამაშონ ჭადრაკი, ისარგებლონ “საბა”-ს ბიბლიოთეკის სრული წვდომით. ქუთაისიდან დავიწყეთ პროექტი და გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ უაღრესად მნიშვნელოვან საქმეში, როგორიც არის განათლება. განათლებაზე ზრუნვა თიბისისთვის არის N1 პრიორიტეტი და ამ დიდი პროექტის ფარგლებში ხდება საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობა,”-ამბობს თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე თორნიკე გოგიჩაიშვილი.
“თიბისის განათლების სივრცე თიბისის ახალი ინიციატივაა, რომელიც გულისხმობს საქართველოს რეგიონების სკოლებში ახალი, მულტიფუნქციური სივრცეების გახსნას, რაც ხელს შეუწყობს სკოლის მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებას. ეს იქნება როგორც კლასგარეშე აქტივობები, ისე სკოლის კლუბები და ბევრი სხვადასხვა მიმართულებით განვითარება. ამ შემთხვევაში პირველი სივრცე გავხსენით ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში და თიბისის სივრცეში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, რომ დაკავდნენ სხვადასხვა მრავალმხრივი აქტივობით. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ჭადრაკი, ვოკალის გაკვეთილი. ჩვენ ასევე სივრცეში მოვაწყვეთ ბიბლიოთეკა, გვაქვს “საბა”-ს ელექტრონული ბიბლიოთეკა სრული წვდომით, ასევე, სკოლაში შესაძლებელია ვოკალის გაკვეთილების ჩატარება და ბევრი სხვადასხვა აქტივობით დაკავება. ასევე, მოსწავლეებს შეეძლებათ მულტიმედია გაკვეთილებზე დასწრება, რისი ტექნოლოგიაც ქუთაისის სივრცეში შევქმენით. როგორც აღვნიშნე, თიბისის განათლების პირველი სივრცე ქუთაისში გავხსენით, თუმცა ვგეგმავთ მთელი საქართველო მოვიცვათ და ყველა რეგიონში შევქნათ ახალი სივრცეები, რომელიც ახალგაზრდა თაობას დაეხმარება განვითარდნენ და ბევრი საინტერესო რამ ისწავლონ,”- აცხადებს თიბისის ბრენდის ლიდერი მარიამ მიქელაშვილი.
“დიდი ხანია თიბისისთან გვაქვს ურთიერთობა სახელფასო პოლიტიკიდან გამომდინარე და შესაბამისად, ყველა მიმართულებით, რაც კი გვქონდა ურთიერთობა, მხოლოდ დადებითი, კარგი ურთიერთობა გვაქვს. ეს ციფრული სივრცე, რაც ჩვენი დაწყებითების კორპუსში გაიხსნა, მისასალმებელია და მხოლოდ მადლობის სათქმელი. ბავშვების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, რაც ჩვენ უნდა ვნახოთ თითოეულ მათგანში და ხელი შევუწყოთ მათ გაძლიერებას, ეს სივრცე არის მხოლოდ მისწრება,”-ამბობს ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორი გენად მარგველაშვილი.
თიბისის განათლების სივრცე ახალი თაობის მხარდასაჭერი ინიციატივაა, რომელიც დაეხმარება რეგიონში მცხოვრებ მოზარდებს მეტი დრო დაუთმონ არაფორმალურ განათლებას და გაირღმავონ ცოდნა სასურველი მიმართულებით.