ხონის მერმა ხანდაზმულებს სიგელები გადასცა
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე სოფელ მათხოჯში მცხოვრებ ხანდაზმულ მოქალაქეებს შეხვდა. მერმა მათ სიგელები გადასცა და საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ლადო ჯურხაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უხუცესების როლზე თემის განვითარებასა და თაობათა აღზრდაში.
„თქვენმა ცხოვრებამ, განვლილმა გზამ, შრომამ და ძალისხმევამ ჩვენ, თქვენს შვილებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს გზა გაგვიკაფა, გამოცდილება გაგვიზიარა, სირთულეები გადაგვალახინა და დღემდე მოგვიყვანა. გემადლიერებით, გაფასებთ და გვეამაყებით. თქვენი სითბო და სიყვარული, თქვენი როლი ოჯახებში, სოფელსა და ჩვენს საზოგადოებაში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, არის და იქნება. ჯანმრთელობას გისურვებთ!“ – აღნიშნა ლადო ჯურხაძემ.
ღონისძიება სასოფლო კლუბის ორგანიზებით გაიმართა. მის მიზანს სოფელში მცხოვრები ხანდაზმული ადამიანების შეკრება, მათი დამსახურების, ღირსების, შრომის, წვლილის გახსენება და აღიარება წარმოადგენდა.





