ქუთაისი ცნობილ მუსიკოსს, სანდრო გეგეჭკორს უმასპინძლებს

ქუთაისი ცნობილ მუსიკოსს, სანდრო გეგეჭკორს უმასპინძლებს.
საფორტეპიანო მუსიკის საღამო ა(ა)იპ "ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ფილიალში - მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზში შედგება.
კონცერტზე შესრულდება ბეთჰოვენის, დე ფაიას, მონსალვაჩესა და ლაღიძის ნაწარმოებები. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ახალგაზრდა პიანისტის მასტერკლასები ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებისთვის.
სანდრო გეგეჭკორის სოლო კონცერტი ტარდება საქართველოს კულტურის სამინისტროს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ "ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" მხარდაჭერით.
სანდრო გეგეჭკორი არის პიანისტთა პრესტიჟული ხუთი საერთაშორისო კონკურსის გრან-პრისა და პირველი პრემიის მფლობელი. ასევე არის მსოფლიოს საერთაშორისო კონკურსების ფედერაციის არტისტი, მარია კანალსის, ეურეჯიოს, ფოირიხისა და სხვა კონკურსების პრიზიორი, ფორბსის "30 under 30" გამარჯვებული. გამართული აქვს კონცერტები მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ დარბაზებში. ხშირად თანამშრომლობს წამყვან ორკესტრებთან და დირიჟორებთან. ახლახანს სანდრო გეგეჭკორი გახდა მსოფლიოში ცნობილი მუსიკალური სასწავლებლის- "ჯულიარდის სკოლის" მაგისტრის ხარისხის მფლობელი.