“საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, პერიოდულად ტემპერატურა 41 გრადუსს გადააჭარბებს”

გარემოს დაცვის სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზის ბიუროს ოფიციალური განცხადებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, პერიოდულად ტემპერატურა 41 გრადუსს გადააჭარბებს. სამუშაო ადგილებზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგად კი, პროფკავშირმა უკვე დააფიქსირა 42-47 გრადუსი ტემპერატურა, დასაშვები ნორმა კი შეზღუდული სამუშაო დროით შეადგენს 32,5 გრადუსს!
როგორც ყველასთვის ცნობილია, სს ,,საქართველოს რკინიგზაში” დასაქმებული მუშების უმრავლესობა, უკვე წლებია ითხოვს სატვირთო გადაზიდვების ელმავლებში, სხვადასხვა საამქროებსა თუ დეპოებში, კონდენცირების სისტემის მოწესრიგებას, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, დღემდე სრულყოფილად არ შესრულებულა.
“რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი” “ საქართველოს რკინიგზის” ადმინისტრაციას მოუწოდებს, დროულად მიიღოს პრევენციული ზომები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. იხელმძღვანელონ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #69 დადგენილებით და მკაცრად დაიცვან აღნიშნულ დოკუმენტში მოყვანილი სახელმძღვანელო ცხრილით დაკისრებული ვალდებულებები,”-
ნათქვამია “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი”-ს განცხადებაში.