ქუთაისის ცენტრალურმა სამუსიკო სასწავლებელმა 105 წლის იუბილე აღნიშნა
ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი 105 წელს ითვლის.
ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალმა- მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურმა სამუსიკო სასწავლებელმა საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია საიუბილეო კონცერტით აღნიშნა.
კონცერტი ღია ცის ქვეშ, სასწავლებლის ეზოში, რიონის პირას გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს სასწავლებლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და კურსდამთავრებულებმა. ასევე, გაერთიანების ფილიალმა- იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერულმა გუნდმა. ჟღერდა კლასიკური და თანამედროვე მუსიკა.
კონცერტი გახსნა და სასწავლებლის ისტორიასა და მიღწევებზე სტუმრებს ესაუბრა სასწავლებლის დირექტორი მანანა კიკაბიძე. კონცერტს დაესწრო და სასწავლებელს 105 წლის იუბილე მიულოცა გაერთიანების მმართველმა ვაჟა ჯუღელმა.
მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელის ისტორია 1918 წლიდან იწყება. ოფიციალურად, მელიტონ ბალანჩივაძის თაოსნობით, როგორც სკოლა–სასწავლებელი 1919 წლის 2 თებერვალს გაიხსნა.
105 წლის მანძილზე ისტორიულ სასწავლებელს არც ადგილი შეუცვლია და არც წყვეტა ჰქონია. სასწავლებელში წლების მანძილზე აღზრდილია არაერთი თაობა, რომელთაც მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროში თავისი კვალი დატოვეს. სასწავლებლის კურსდამთავრებულები ახლაც წარმატებით მოღვაწეობენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

















