ხარაგაულში გზების წმენდაში 14 ერთეული მუნიციპალური და დაქირავებული ტექნიკა მონაწილეობს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თოვლის გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია ხარაგაულში შემოსასვლელი ცენტრალური გზები.
პროცესს ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც მუდმივ კოორდინაციაშია შესაბამის სამსახურებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებთან.
“რთულ მონაკვეთებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა დღის განმავლობაში, ასევე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სოფლების ცენტრალური გზების გაწმენდა, რომელსაც კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს.
ღამის საათებიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა გზების გაწმენდა ძირითადი მიმართულებებით: ხარაგაული – ძირულა, ხარაგაული – მოლითი, კიცხი – ხარაგაული, ასევე დაბისა და პატარა ხარაგაულის ქუჩებში.
გაწმენდითი სამუშაოები დღეს მიმდინარეობდა 13 ადმინისტრაციულ ერთეულში. ტექნიკა მუშაობდა სოფლებში: წიფა, ზვარე, მოლითი, ღორეშა, საღანძილე, წყალაფორეთი, ნადაბური, კიცხი, ხუნევი, ბორითი, ვარძია და ფარცხნალი, სადაც თოვლის საფარი 50–70 სანტიმეტრს აღწევდა. ძლიერი თოვის დაწყებისთანავე, სამუშაოებში აქტიურად ჩაერთო 14 ერთეული მუნიციპალური და დაქირავებული ტექნიკა. ადგილზე სამუშაოებს კოორდინაციას უწევდნენ მერის მოადგილეები ვარლამ ჭიპაშვილი და დავით დევდარიანი.
დღის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას. ბუნებრივი აირი და წყალი მუნიციპალიტეტს სრულად მიეწოდება, ხოლო ელექტროენერგიის მიწოდების მიმართულებით დაზიანებულ მონაკვეთებზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
გაწმენდითი სამუშაოები ხვალაც გაგრძელდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური კვლავ რჩება ინტენსიურ სამუშაო რეჟიმში,”-ნათქვამია ხარაგაულის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





