ჭიათურელი მაღაროელები და პროფკავშირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
“საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება” ჭიათურელი მაღაროელების საინიციატივო ჯგუფს მათი მისამართით ცრუ ბრალდებების გაჟღერებაში ადანაშაულებს.
“ჭიათურაში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით ე.წ. ,,საინიციატივო ჯგუფი“ კვლავ აგრძელებს პროფკავშირების მისამართით უსაფუძვლო ბრალდებებს, ცილისმწამებლურ და დისკრედიტაციისკენ მიმართულ კამპანიას.
1. ტყუილია, რომ პროფკავშირებმა კომპანიის მიერ მიწისქვეშა მოპოვებითი საქმიანობის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 27 თებერვალს გაიგო. სინამდვილეში, ამ პერიოდში კომპანიამ პროფკავშირს აცნობა, რომ ისინი ბანკებთან და ე.წ. ,,ტრეიდერებთან“ აწარმოებდნენ მოლაპარაკებას სესხის აღების თაობაზე. თუმცა, შემდეგ 28 თებერვალს სიტყვიერად განგვიცხადა, რომ ჭიათურაში საპროტესტო აქციების გამო ვერ ახერხებდა სესხის აღებას საკრედიტო დაწესებულებებისგან. კომპანიამ მიწისქვეშა მოპოვებითი საქმიანობის შეწყვეტასა და კოლექტიური ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ოფიციალურად გვაცნობა მხოლოდ 11 მარტს საღამოს საათებში.
2. ასევე, სიცრუეა თითქოს პროფკავშირების რუსთავში გაფიცულ მეტალურგებს ხელს უშლის ჭიათურის პროტესტთან შეერთებაში. ბუნებაში არ არსებობს არც ერთ ფაქტი/მტკიცებულება, რაც აღნიშნულს დაადასტურებს. რუსთავში მედიაცია დაიწყო ჯერ კიდევ თებერვლის თვეში და გაფიცვის დაორგანიზება მოხდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების დაცვით და მედიაციის რესურსის ამოწურვის შემდეგ.
3. ტყუილია ასევე, რომ მათი იურისტი არ ჩართეს შრომის სამინისტროში მიმდინარე მოლაპარაკებებში. სინამდვილეში იურისტი ესწრებოდა მოლაპარაკებების პროცესს და მისთვის ხელმისაწვდომი იყო ყველა ინფორმაცია და მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმების ტექსტი მის ხელმოწერამდე. მისთვის ასევე მისაღები იყო შეთანხმების შინაარსიც და არანაირი წინააღმდეგობა მასთან დაკავშირებით არ გამოუხატავს.
4. კოლექტიური მოლაპარაკების პროცესის და კოლექტიური ხელშეკრულების არსის შესახებ ბაზისური ცოდნის არარსებობაზე მეტყველებს ის, რომ ტარიელ მიქაცაძე, ბრალს სდებს პროფკავშირს, რომ მან კოლექტიურ ხელშეკრულებაში არ ასახა ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის საურავი, რაც შრომის კოდექსითაა გათვალისწინებული. კოლექტიური ხელშეკრულების მიზანია, არა კანონმდებლობაში უკვე არსებული (სწორედ პროფკავშირების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად მოპოვებული) გარანტიების გადაკოპირება, არამედ უკეთესი სტანდარტების დადგენა დასაქმებულთათვის. ამასთან, საინიციატივო ჯგუფი ჩართული იყო კოლექტიური მოლაპარაკებების პროცესში, მისი რამდენიმე წარმომადგენელი ხელს აწერს 2023 წლის სამედიაციო შეთანხმებას და თუკი რამე პროფკავშირისგან განსხვავებული ინიციატივა ჰქონდათ, თავისუფლად შეეძლოთ დაეყენებინათ განსახილველად.
5. ასევე, სიცრუეა, თითქოს პროფკავშირი არაფერს აკეთებს მინიმალური ხელფასის სტანდარტის გასაუმჯობესებლად, მაშინ როდესაც, არ არსებობს შიდა (საკანონმდებლო ინიციატივა, სამმხრივი კომისია და ა.შ.) თუ საერთაშორისო მექანიზმი (შსო, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროპის საბჭო, ევროკავშირის სტრუქტურები და ა.შ.), სადაც ჩვენ ამ საკითხს არ ვაყენებთ. სწორედ ამის შედეგად, მინიმალური ხელფასი მოხვდა ევროკომისიის ორივე ანგარიშში, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით მომზადდა ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ. არაერთგზის იქნა წარდგენილი კანონპროექტი პარლამენტში და დღესაც პროფკავშირის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს.
6. პოპულისტურია საინიციატივო ჯგუფის განცხადება, რომ კვირას ბანკები როცა არ მუშაობენ,როგორ იყო შესაძლებელი მათგან რაიმე პასუხის მიღება. პროფკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ ასევე დაუყოვნებლივ მოსაგვარებელია ბანკებთან ურთიერთობა, რათა დასაქმებულები იძულებითი მოცდენის ანაზღაურების შემთხვევაში, საბანკო ვალდებულებების გამო კვლავ უხელფასოდ არ დარჩნენ. შესაბამისად, ეს მოლაპარაკება მიმდინარეობს რამდენიმე დღეა ისეთ ბანკთან, რომელთანაც დასაქმებულებს არა აქვთ შეხება და მხოლოდ კვირას მივიღეთ მათგან პოზიტიური გამოხმაურება, რომ ის თანახმაა პროფკავშირის გარანტიითა და მთავრობის ჩართულობით გასცეს დასაქმებულებზე თანხა იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნება პროფკავშირების პოზიცია და არ დაიწყება გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმისწარმოება.
7. ცილისწამებაა, რომ პროფკავშირი ,,კომპანიის საქმეს აკეთებს“, მაშინ როდესაც პროფკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ მან ამოწურა კომპანიასთან მოლაპარაკების ყველა რესურსი და ეს გახდა სწორედ სამმხრივი კომისიის რიგგარეშე სხდომის მოწვევის ერთ-ერთი მიზეზი. პროფკავშირები უკვე იყენებს და აუცილებლად გააგრძელებს ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებას კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. ფაქტია, რომ პირიქით, საინიციატივო ჯგუფის და კომპანიის ინტერესები მოდის უმეტესად თანხვედრაში, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ორივე მათგანის სურვილია კომპანიამ დატოვოს ჭიათურა, პროფკავშირი გავიდეს ჭიათურიდან და კოლექტიური ხელშეკრულებიდან, და პირველსავე დღიდან აწარმოებენ პროფკავშირის საწინააღმდეგო კამპანიას.
პროფკავშირები გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დასაქმებულთა ინტერესების დაცვის მიზნით,”-აცხადებენ პროფკავშირებში.
ცნობისთვის, ჭიათურელი მაღაროელები მაღაროების გაჩერების შემდეგ, ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

















