ქუთაისის 2025 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მიღებულია.
ქალაქის საკრებულოს რიგით 38-ე სხდომას, სადაც ბიუჯეტი იქნა დამტკიცებული, ესწრებოდნენ: ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილეები იუზა უგულავა და მამუკა ხიმშიაშვილი, სამსახურების ხელმძღვანელები.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად წარადგინა მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ნიშნიანიძემ.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი 117 097 800 ლარი იქნება, რაც 1 587 100 ლარით მეტია 2024 წლის ბიუჯეტზე.
ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში განსაზღვრულია შემდეგი პრიორიტეტები:
მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები - 21 373 200 ლარი; ინფრასტრუქტურის განვითარება - 20 153 100 ლარი ( დამატებით 40 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობისგან, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, ასევე, რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდიდან 11 მილიონ ლარამდე); დასუფთავება და გარემოს დაცვა - 12 067 500 ლარი; განათლება - 23 638 900 ლარი; კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი - 27 651 100 ლარი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 9 744 000ლარი, ( ჯანმრთელობის დაცვისათვის 2 457 000 ლარი, სოციალური უზრუნველყოფისათვის 7 237 000 ლარი); ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 2 470 000 ლარი.