ქუთაისელი სტუდენტების სტარტაპმა 150 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტების მიერ შექმნილმა, აგრო ტექნოლოგიურმა სტარტაპმა - „ტერაგარდი“(TerraGuard), საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 150 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა. ათასზე მეტ სტარტაპს შორის, „ტერაგარდი“ ოფიციალურად შეირჩა Startupbootcamp Georgia-ს ბაზრის ათვისების (Market Entry) პროგრამიდან.
ახალგაზრდა ქართველი ინოვატორების მიერ შექმნილი „ტერაგარდი“ მიზნად ისახავს ვენახებში დაავადებებისა და რისკების ადრეულ აღმოჩენას, მევენახეებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარებას და ვენახის მართვის გაუმჯობესებას.
“ტერაგარდის” ავტორები არიან KIU-ს სტუდენტები: ოთარ ხუნაშვილი, დაჩი ხელაშვილი, გოგა ჯინჭარაძე, ანდრია ბერიძე, პეტრე ხარაზაშვილი.
სტარტაპელების ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაერთიანებით, ფოკუსირებულია STEM განათლებაზე და ზრდის ახალგაზრდა ინოვაციურ ლიდერებს. KIU-ს და მის სტუდენტებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ საქართველოს ტექნოლოგიური სტარტაპების ეკოსისტემის განვითარებაში.





