ქუთაისში IV საერთაშორისო ფორუმის პირველი დღე დასრულდა.
დღის განმავლობაში რამდენიმე თემატური სესია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ მაღალი რანგის ადგილობრივი და უცხოელი მომხსენებლები.
თემაზე "ქალაქების გაძლიერება - სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა " ისაუბრეს: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ რადიმ სრშენმა, პოლონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კონრად ვოინაროვსკიმ, რუმინეთის სახელმწიფო მდივანმა ოვიდიუ-ვასილე ჩიმპენმა.
"მომავლისთვის მზადმყოფი ქალაქები", "მუნიციპალური სერვისები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში " , "ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების როლი ქალაქების ტრანსფორმაციისას " - ამ თემების შესახებ კონფერენციის მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს საქართველოს, გერმანიის, პოლონეთის, ნიდერლანდების, ბალტიისპირეთის ქვეყნების, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
სესიებს მოდერატორობა გაუწიეს: ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მერის მოადგილემ თამარ დახუნდარიძემ, AI ტრანსფორმაციის კონსულტანტმა ლელა მაჩაიძემ, ევროპის ურბანული ცოდნის ქსელის დირექტორმა მარტინ გრიზელიმ.
ქუთაისის მე-4 საერთაშორისო ფორუმი მუშაობას 21 ივნისს დაასრულებს.