ქუთაისში, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიას ზაზა ლომინაძე უხელმძღვანელებს. ლომინაძე ქალაქის მოქმედი მაჟორიტარია.
დელეგატები დღეს "ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დაასახელა. ირაკლი კობახიძის თქმით, დელეგატები არიან პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში კამპანიის წარმოებაზე და უკვე არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებელი.
"როგორც მოგეხსენებათ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით. ასევე იცით, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას აქვს სერიოზული უარყოფითი მხარეები, რაც, პირველ რიგში, ამომრჩეველსა და კანდიდატებს შორის კავშირის შესუსტებით გამოიხატება. ამ ნაკლოვანების გარკვეულწილად აღმოსაფხვრელად, საარჩევნო კანონმდებლობით შემოღებულ იქნა დელეგატის ინსტიტუტი.
„ქართული ოცნება“ დელეგატებს წარადგენს ოცდაათივე საარჩევნო ოლქში. დღეს წარმოგიდგენთ 22 დელეგატს, რომლებიც ჩვენს საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან რეგიონებში. ყველა დელეგატი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში უკლებლივ ყველა ქალაქს და რეგიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი და ამით ნაწილობრივ იქნება აღმოფხვრილი ის ნაკლოვანება, რომელიც არის დაკავშირებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.