სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე ექსპედიციისას, გართულებულ მეტეოროლოგიურ პირობებში ტრაგიკულად დაიღუპა მსოფლიოში სახელგანთქმული ახალგაზრდა მთამსვლელი, ურთულესი საერთაშორისო ალპინისტური მარშრუტების ინიციატორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და მკვლევარი, არჩილ ბადრიაშვილი.
როგორც უნივერსიტეტში ამბობენ, მის სახელს არაერთი პირველასვლა უკავშირდება პაკისტანის, ნეპალისა და ინდოეთის ჰიმალაების გაუკვალავ მწვერვალებზე, ასევე ურთულესი მარშრუტები საქართველოში, მათ შორის ზამთრის ექსპედიციები უშბასა და შხარაზე.
"არჩილ ბადრიაშვილს მიღებული ჰქონდა ალპინიზმის ისტორიაში უმაღლესი ჯილდო - ოქროს წერაყინი, რომელიც მას გადაეცა 2022 წელს ბაქარ გელაშვილთან და გიორგი ტეფნაძესთან ერთად ურთულესი მწვერვალის (Saraghrar Northwest, სიმაღლე 7303 მეტრი) პირველად დაპყრობისთვის. არჩილ ბადრიაშვილისა და მისი გუნდის ეს მარშრუტი ურთულესად მიიჩნევა.
არჩილ ბადრიაშვილი ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა მკვლევარი იყო. ილიას უნივერსიტეტში ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, როგორც ექიმი და მკვლევარი, ჩართული იყო საერთაშორისო კვლევით პროექტში: „ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის სომატური თერაპიის მეთოდის დანერგვა უკეთესი ფსიქიკური კეთილდღეობისთვის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება საქართველოში“.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სამძიმარს უცხადებს არჩილ ბადრიაშვილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს. დიდი გულისტკივილით ვიზიარებთ არჩილ ბადრიაშვილის დედის, ჩვენი უძვირფასესი კოლეგის, პროფესორ ნინო მახაშვილის უდიდეს ტრაგედიას,"-აცხადებენ სასწავლებელში.