ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაცია დაიწყო.
ჭიათურაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრის შენობა (1949 წ.) რთულ რელიეფზე მდებარეობს. სამხრეთ-აღმოსავლეთით მთის მასივია, სადაც არის კარსტული წყარო. ბოლო წლების განმავლობაში დაზიანებული მილსადენებიდან კედლებში წყალი ჟონავდა და შენობას აზიანებდა. დროთა განმავლობაში დაზიანდა შენობის სახურავი და საინჟინრო კომუნიკაციებიც, რის გამოც მუზეუმის შენობას სჭირდება სრული რეაბილიტაცია.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „ბილდკინგსთან“ 2024 წლის 3 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. სააგენტოს მიერ ძეგლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 13 660 231 ლარი.
პროექტით გათვალისწინებულია მუზეუმის სახურავის განახლება, შენობის უკანა კედლის ჰიდროიზოლაცია, ფასადებისა და ინტერიერის სრული რეაბილიტაცია, საინჟინრო ქსელების მოწყობა, დარბაზის ჭერის, კედლების ორნამენტებისა და მხატვრობის რესტავრაცია. ასევე, დაგეგმილია ტერიტორიის კეთილმოწყობაც.
ქალაქ ჭიათურაში თეატრი 1894 წელს დაარსდა და 1910 წლიდან მას უკვე მუდმივი დასი ჰყავდა. ახალი შენობა 1949 წელს აშენდა და თეატრს აკაკი წერეთლის სახელი მიენიჭა. შენობის ცენტრალურ ფასადზე გამოკვეთილია აკაკი წერეთლის მჯდომარე ფიგურა, ხოლო ფრონტონს აგვირგვინებს ქანდაკება „გამარჯვება“. ჭერი დაფარულია ფერმწერ-მონუმენტალისტ რობერტ სტურუას მიერ შესრულებული ფერწერული პანოთი - უღრუბლო ზეცის ფონზე გამოსახულია გამარჯვების დღესასწაული.