TOPNEWS » დღის მთავარი ამბავი » კადეტთა სამხედრო სკოლაში სასწავლო წელი დაიწყო

კადეტთა სამხედრო სკოლაში სასწავლო წელი დაიწყო

კადეტთა სამხედრო სკოლაში სასწავლო წელი დაიწყო

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში ახალი სასწავლო წელი კადეტების მიღებით დაიწყო.

ეს წელი სკოლისთვის განსაკუთრებულია - გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა პირველ სასწავლო წელს იწყებს. სკოლა პანსიონის ტიპის სასწავლებელია, რომელიც კადეტებს სრულად აფინანსებს და უზრუნველყოფს სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობებით.   

კადეტების სკოლაში შემოსვლისა და შესაბამის ჯგუფებში განაწილების პარალელურად, სკოლის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ლევან შუბითიძე კადეტთა მშობლებს შეხვდა. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. მან მშობლებს მიულოცა მათი შვილების გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში ჩარიცხვა და მათი ეს ახალი ეტაპი შეაფასა, როგორც პერსპექტივით სავსე გზა, ასევე, შეხვედრაზე მეთაურმა მშობლებს გააცნო სკოლის ძირითადი მიზანი და სასწავლო პროცესში ჩართული პერსონალი. 

„ძვირფასო  მშობლებო, დღეიდან თქვენ ხართ ჩვენი სკოლის ოჯახის სრულფასოვანი წევრები. კადეტის სტატუსი, რომელსაც დღეიდან თქვენი შვილები ატარებენ დიდი პატივი და დამსახურებაა. ჩვენი გუნდი, გამოცდილი ინსტრუქტორები და მთელი პერსონალი მზად არის, გვერდით დაგიდგეთ თქვენი შვილების განვითარების ყოველ ეტაპზე და დავეხმაროთ მათ იყვნენ ღირსეული მოქალაქეები”, - განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა ლევან შუბითიძემ.

კადეტებისთვის სპეციალურად შემუშავებულია საადაპტაციო პროგრამა, რომელიც მოიცავს გაცნობით შეხვედრებს, პრაქტიკულ ვარჯიშებს და გუნდურ აქტივობებს. პროგრამის მიზანია, კადეტებმა რაც შეიძლება სწრაფად აითვისონ ახალი გარემო, გაერკვნენ სკოლის შინაგანაწესში და გააცნობიერონ, რას გულისხმობს კადეტის სტატუსი და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა.

ადაპტაციის პროცესში ჩართულია სკოლის მრავალპროფილიანი გუნდი - ფსიქოლოგი, ექიმი, იურისტი და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც კადეტებს ეხმარებიან ახალ გარემოში ჩართვასა და პირველი დღეების გამოწვევების დაძლევაში.

საწყისი ეტაპის დასრულების შემდეგ, კადეტები სრულფასოვნად ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში, მიიღებენ საფუძვლიან ცოდნას და შეიძენენ იმ უნარებს, რომელთა განვითარებაზეც გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა არის ორიენტირებული.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu