ჭიათურაში მუზეუმ - მაღარო მოეწყობა.
პროექტი „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით მომზადდა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას ოფიციალურად გადაეცა.
შეთანხმებას ხელი ჭიათურის მუნიციპალოიტეტის მერმა გივი მოდებაძემ და „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ბესიკ კირთაძემ მოაწერეს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ აკაკი წერეთლის სახელობის მაღაროში, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში დახურული იყო, მუზეუმი მოეწყობა. მუზეუმ -მაღაროს კონცეფცია მისი ისტორიული სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს. წარმოდგენილი იქნება მადნის მომზადება-გადამუშავების მეთოდები და ტექნოლოგიები,განვითარების ეტაპები. დამთვალიერებელს სპეციალური მატარებლით ექნება შესაძლებლობა აღმოჩნდეს გვირაბში,საიდანაც სხვადასხვა სივრცესა და საგამოფენო დარბაზში გადაინაცვლებს.
"დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქალაქისთვის. "ჯორჯიან მანგანეზმა“ ქალაქს საჩუქრად მაღარო-მუზეუმის პროექტი გადასცა. შევთანხმდით,რომ აკაკი წერეთლის სახელობის მაღაროში ,რომელიც ბოლო წლების განმავლონაში დახურული იყო, მუზეუმი მოეწყობა, რაც ჭიათურაში ტურიზმის განვითარების კუთხით ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება,"-აღნიშნა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.
"მუზეუმ-მაღაროში“ წარმოდგენილი იქნება სივრცეები, ინვენტარი, რითაც მანგანუმის მადნის მოპოვება - დამუშავება ხდებოდა.
ტურისტებს ექნებათ საშუალება მატარებლით შევიდნენ მაღაროში დაათვალიერონ და პრაქტიკულად ისტორიას გაეცნონ, თუ როგორ მიმდინარეობდა ჭიათურაში მადნის მოპოვების და განვითარების პროცესი,"-განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ბესიკ კირთაძემ.