რაჭაში, ცოფით 45 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.
"მოსახლეობის საყურადღებოდ!
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოში- ადამიანზე ცოფის, ლაბორატორიულად დადასტურებული, შემთხვევა დაფიქსირდა.
45 წლის ქალი, ცოფით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის თებერვალში, მისივე ლეკვისგან დაინფიცირდა. ამავე თვეში ლეკვი მოკვდა. ქალს ანტირაბიული დახმარებისთვის არ მიუმართავს. ცოფის კლინიკური სურათის განვითარება დაიწყო 6 ივლისს, ამ დაავადებისთვის ტიპური კლინიკური ნიშნებით. შემთხვევა კი 2024 წლის 11 ივლისს დარეგისტრირდა, რომელიც იმავე დღეს დასრულდა ლეტალური გამოსავლით.
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მიმართვის საფუძველზე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის- პაპუნა მარგველიძის მიერ გამოიცა შესაბამისი განკარგულება და აღნიშნულ ტერიტორიაზე საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.
კარანტინი გულისხმობს ყველა სახეობის ჯანმრთელი ცხოველის გადაუდებელ ვაქცინაციას, საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორიიდან ცხოველთა გადაადგილების აკრძალვას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საპრევენციო ღონისძიებებს.
დაწყებულია შესაბამისი საპრევენციო ღონისძიებების გატარება, აცრილია გარდაცვლილთან კონტაქტზე მყოფი 19 პირი, გრძელდება გარდაცვლილთან კომუნიკაციაში მყოფი სხვა პირების მოძიება ვაქცინაციის მიზნით.
კარანტინი წესდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე მისი დაწესებიდან ან/და ცოფის უკანასკნელი დადასტურებული შემთხვევიდან 30 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ.
მოსახლეობას მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ, სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელს გაბრიელ ჩიკვაიძეს- 595 221 148, ან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მითითებულ ნომერზე-1501.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნეულის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს,"-აცხადებენ გუბერნატორის ადმინისტრაციაში.