ბაღდათის სოფელ ხანში, ერთი ნაკლებად შესწავლილი, წმინდა გიორგის ტყელას სალოცავია, რომელიც ელია წინასწარმეტყველის სახელითაც მოიხსენიება და სოფლის ყველაზე მთავარ მითიურ ნარატივს უკავშირდება.
"ეკლესია ხანიდან 6 კმ-ში, “ტყელას ჭალაში” მდებარეობს. ის ადრე ხის იყო (სავარაუდოდ, ბაზილიკის ტიპის) და ჟამიანობისას დაიწვა. ათარიღებენ ადრეული შუა საუკუნეებით.
ლეგენდის მიხედვით, ყოველ წელს, აღდგომიდან 50-ე დღეს, ვარდობის სეზონზე, სალოცავთან ირემი მოდიდოდა, ეკლესიას სამჯერ შემოუვლიდა, კართან დაწვებოდა და ბალახს ცოხნიდა. შემდეგ ის ტაბეშაძის გვარის მამაკაცს უნდა დაეკლა (ეს მისია გვარს, თურმე უფლისგან ერგო), წმიდა გიორგისთვის უნდა შეეწირა, საკლავი კი დღესასწაულზე მოსული ხალხისთვის გაენაწილებინა. ირმის მოსვლამდე პურის გატეხვა სასტიკად აკრძალული იყო.
ერთ წელსაც ირემმა მოსვლა დააგვიანა, დაგვიანებულ ირემს ტაბეშაძე გაუნაწყენდა, ტაძრის კართან დაწოლა არ დააცადა, ძალით წააქცია და დაკლა... განრისხდა თურმე ამაზე წმინდა გიორგი და ტაბეშაძეთა გვარი მთლიანად ამოწყვიტა. გადარჩა მხოლოდ მეზობელ სოფელში ზედსიძედ მყოფი ერთ-ერთი ტაბეშაძის, აკვანში მწოლიარე ყრმა ვაჟი.
სოფლის მოსახლეობამ ბავშვი ტყელაში, წმინდა გიორგის ტაძარში მიიყვანა და წმინდანს შეავედრა: “წმიდა გიორგი კარუგდებელო, ნუ მოკლავ ამ ბავშვს და მისი გვარი ყოველ წელს ირმის მაგივრად სამწლიან კურატს შემოგწირავსო” (ხალხ.). შეისმინა გიორგიმ ვედრება და ტაბეშაძის გვარი გამრავლდა ისევ... თუმცა, ლეგენდა ამბობს, რომ მას შემდეგ იმ ალაგას ირემი აღარ გამოჩენილაო. დღესაც, ყოველ წელს, აღდგომიდან 50-ე დღეს, ვარდების ყვავილობისას, ტაბეშაძეებს ტყელაში, ძველი სალოცავის ადგილზე, სადაც ახლად აგებული ტაძარია, შესაწირად ხარი მიჰყავთ, იკვლება საკლავი და დღესასწაულს, რომელსაც ხანელები “ელაობას” ეძახიან, მთელი სოფელი ზეიმობს. თქმულების მნიშვნელობასა და მის ქრისტიანულ-მითოლოგიურ საწყისებს კარგად აღწერს ჯულიეტა რუხაძე თავის წიგნში ”ხანი იმერეთის ხევსურეთია” (ჯ. რუხაძე, ხანი იმერეთის ხევსურეთია, 1989, გვ. 92-92).
გარდა ადგილობროვივებისა, დღესასწაულს ბევრი ტურისტი სტუმრობს.
" ელაობა" წელსაც 23 ივნისს გაიმართება, ლამაზი ბუნება, ხანური სულგუნი, პური და ღვინო, იმერული როკვა, ლეგენდები, დოღი და ადგილობრივების კეთილი გული ვიზიტორებს დაელოდება,"-ბაღდათის ტურისტული ამბები.