ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა გრძელდება. სხვადასხვა პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ქალაქში ერთდროულად ხორციელდება.
მცირე ზომის სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ნიკეას ქუჩის მეორე შესახვევსა და ბუხაიძის ქუჩაზე. სულ მალე ამ ქუჩების მცხოვრებლებს 4 განახლებული რეკრეაციული ზონა ექნებათ.
სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდიდან 247 ათასი ლარით დაფინანსდა წერეთლის ქუჩის 161-ის მიმდებარედ საყრდენი კედლის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზული პრობლემა ექნება მოგვარებული.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებული დავით ერემეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძე გაეცნენ.
„რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას გავეცანით. ქალაქს ყოველწლიურად ემატება ახალი სარეკრეაციო სივრცეები, რომელიც ყველა ასაკის მოქალაქეებზეა გათვლილი. ნიკეას ქუჩის მეორე შესახვევსა და ბუხაიძის ქუჩაზე ოთხი ახალი სკვერის მოწყობა დასრულდება მალე, საბავშვო ატრაქციონებით, განახლებული მწვანე ნარგავებით და ფანჩატურებით. მოვინახულეთ წერეთლის ქუჩაზე საყრდენი კედლის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამით კეთდება.
წლის ბოლომდე ქუთაისში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი,“- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.