რეკლამა

რა უშლის ხელს წყალტუბოში ტურიზმის განვითარებას?

რა უშლის ხელს წყალტუბოში ტურიზმის განვითარებას?

წყალტუბოს სამკურნალო ტურიზმის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ბალნეოლოგიური კურორტი ცნობილია თერმული მინერალური აბაზანებითა და სამკურნალო წყლებით. გარდა აღნიშნულისა, წყალტუბოს სავიზიტო ბარათია ძველი შენობა-ნაგებობები და სანატორიუმები, რომელთა ნაწილიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა რა პოტენციალი აქვს წყალტუბოს ტურისტული კუთხით განვითარებას და აღნიშნულთან დაკავშირებით „წყალტუბოს განვითარების ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორ თეონა ქობულაძეს ესაუბრა.

ქობულაძის თქმით, წყალტუბო ამჟამად განვითარებულია როგორც ბალნეო კურორტი, თუმცა, აქვს პოტენციალი იმისა, რომ სამკურნალო ტურიზმი სხვა მიმართულებითაც აითვისოს.

„ბალნეოლოგიური კურორტის კუთხით გვაქვს რამდენიმე აბაზანა. შეძლებისდაგვარად ბალნეო მიმართულება წარმოდგენილია, როგორც წამყვანი ტურისტული ნიშა წყალტუბოსთვის, თუმცა, მეტად განვითარება ყოველთვის არის შესაძლებელი და ამის პოტენციალიც აქვს კურორტს. მაგალითისთვის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ცნობილია თავისი კარსტული მღვიმეებით და მათგან რამდენიმეს აქვს სპელეოთერაპიის მიმართულების გამოცდილება. დღეისთვის გვაქვს თეთრა მღვიმე, რომელიც ამ სერვის სთავაზობს სტუმრებს. „წყალტუბოს განვითარების ჯგუფს“ წვლილი მიუძღვის ამ მღვიმის რეაბილიტაციის პროექტში“, - აღნიშნავს ქობულაძე.

გარდა ამისა, წყალტუბოში გვხვდება 78 ჰექტარზე გადაჭიმული ცენტრალური პარკი, რომელსაც ქობულაძის თქმით, მოწესრიგება სჭირდება. მანვე აღნიშნა, რომ მდებარეობიდან გამომდინარე, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, განავითაროს სათავგადასავლო ტურიზმიც.

„წყალტუბო მუნიციპალიტეტი საკმაოდ დიდია, გვაქვს მაღალმთიანი სოფლები, ხვამლის მთის ნაწილიც ჩვენი მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია, არის ასევე ტბები, სადაც ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარება ხელს შეუწყობდა სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას. წყალტუბოსთვის გამოწვევას წარმოადგენს ინფრასტრუქტურის განვითარება და განსაკუთრებით ტრანსპორტის მოწესრიგება.

დღეს მხოლოდ სამარშრუტო ტიპის ავტომობილები უზრუნველყოფენ ქალაქთაშორის და შიდა გადაადგილებას. ცალსახად უმჯობესია, საზოგადოებრივი და მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. მათ შორის ერთ-ერთ გამოწვევად რჩება მაღალმთიან სოფლებში ტრანსპორტის არარეგულარულობა, რაც აფერხებს ადმინისტრაციულ ერთეულებთან ბმას“, - დასძინა მან.

ქობულაძესთან ვისაუბრეთ სასტუმროების არსებულ საწოლფონდზეც. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპისთვის არსებული რესურსი საკმარისია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გაფართოებაც. აღსანიშნავია ისიც, რომ კვლავაც ხორციელდება ყოფილი სანატორიუმის შენობების გასხვისების პროცესი. საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, მთავრობამ სანატორიუმებს ძირითადად სასტუმროს ფუნქცია მოუძებნა.

„რამდენიმე ყოფილი სანატორიუმის შენობა უკვე გასხვისდა. აუცილებელია მსხვილი ინვესტიციების განხორციელება ძველი შენობების გასხვისების და განვითარებისთვის. სანატორიუმების კონკრეტული ფუნქციით დატვირთვის ნაწილში ჩვენ არ გვქონია რეკომენდაცია გაცემული. ერთბაშად შესაძლოა, ათასობით ტურისტი არ მოადგეს წყალტუბოს, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ამ შენობებს სასტუმროების გარდა სხვა დანიშნულებაც მოეძებნოს, მაგრამ ცალსახაა, რომ მისი ფასადი არ უნდა შეიცვალოს, რადგან ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული“, - განაცხადა ქობულაძემ.

შეგახსენებთ, ბიზნეს სექტორს წყალტუბოს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარედგინა, ჯამური ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს. დღეის მდგომარეობით, უკვე პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „მედეა“, „წყალტუბო“, „ივერია“, „სამგურალი“ და „უშიშროება“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 31 257 300 ლარს მიაღწია. ამასთანავე, ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბოლო სამ თვეში ორჯერ გამოიტანა გასაყიდად „იმერეთი“ და „რკინიგზელი“ და ვერც ერთხელ გაყიდა; ასევე არ შედგა სანატორიუმ „სავანეს“ გასხვისების აუქციონიც.


ტეგები:

Facebook - კომენტარები