რეკლამა

"ჩვენი მიზანი იყო ქართველ ხალხს ეამაყა საკუთარი ფეხბურთელებით"

"ჩვენი მიზანი იყო ქართველ ხალხს ეამაყა საკუთარი ფეხბურთელებით"

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ვილი სანიოლის გუნდმა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, პორტუგალია დაამარცხა. 

ჩვენი გუნდი სწრაფი გოლით დაწინაურდა. მეორე წუთზე გიორგი მიქაუტაძის პასით გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. 57-ე წუთზე კი, მიქაუტაძის მიერ ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანით ანგარიში 2:0 გახდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე, ჩეხეთთან მეორე ტურის შეხვედრის მსგავსად, კვლავ საქართველოს ნაკრების მოთამაშე გახდა. ამჯერად, სპეციალური ჯილდო ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო. 

საქართველოს ნაკრებმა F ჯგუფი 4 ქულით, მესამე ადგილზე დაასრულა. ექვსი ჯგუფიდან საუკეთესო შედეგის მქონე ოთხი მესამეადგილოსანი პლეი-ოფში გააგრძელებს ასაპარეზობას. საქართველოს ნაკრებს ამ მაჩვენებლით მეორე შედეგი აქვს. 

სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალურ მატჩს ჩვენი გუნდი 30 ივნისს, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა კიოლნში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩთან დაკავშირებით დაწვრილებით ინფორმაციას მოგვინებით მოგაწვდით. 

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "მოთამაშეებს ვუთხარი, რომ უბრალოდ ფეხბურთი ეთამაშათ და დისციპლინა დაეცვათ. რამდენიმე ფეხბურთელს კი ვუთხარი, რომ გაეხსენებინათ დრო, როდესაც 16-17 წლის ასაკში ზედმეტი ფიქრის გარეშე თამაშობდნენ და ვთხოვე, რომ იგივე გაეკეთებინათ. ვფიქრობ, ეს შესანიშნავად გააკეთეს და გადააჭარბეს მოლოდინს. 

როდესაც არ ხარ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, იცი, რომ დასაკარგი არაფერი გაქვს. ერთადერთი, რაც ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ვთქვით - არ უნდა გვქონოდა სინანული ტურნირის დასრულებისას, რომ არ ვითამაშეთ ჩვენი ფეხბურთი ან არ მივიღეთ სიამოვნება აქ ყოფნით. ჩვენ არ გვაქვს ისეთი წნეხი, როგორც ტურნირის ფავორიტებს. ჩვენი მიზანი იყო, რომ ქართველ ხალხს ეამაყა საკუთარი ფეხბურთელებით და ვფიქრობ, ეს ამოცანა შევასრულეთ. 

ესპანეთის ნაკრები, შესაძლოა, საუკეთესო გუნდი იყო ჯგუფურ ეტაპზე. დიდი გამოწვევა გველის. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ".

ხვიჩა კვარაცხელია (ეროვნული ნაკრების წევრი): "დღევანდელ შეხვედრაში გამორჩეული ფეხბურთელი არ გვყოლია. ეს იყო გუნდური გამარჯვება. დავამტკიცეთ, რომ ყველასთან შეიძლება თამაში. ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ უკვე შემდეგ თამაშზე ვფიქრობთ. მადლობა სტადიონზე მოსულ თითოეულ გულშემატკივარს.

არავის ეგონა, რომ პორტუგალიას მოვუგებდით და ჯგუფიდან გავიდოდით. მაგრამ, სწორედ ამიტომ ვართ ძლიერი ნაკრები. ერთმანეთს ვუთხარით, რომ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია. თუ ერთი პროცენტი მაინც არის შანსი და გაქვს რწმენა, ყველაფრის გაკეთებას შეძლებ.

ძალიან დიდი მუხტი მოგვცა გულშემატკივარმა, რომელიც გერმანიაში ჩამოვიდა. მადლობა ასევე მათ, ვინც საქართველოდან გვგულშემატკივრობს. ვაჩვენეთ, რომ ერთად ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია და არავისზე ნაკლები არ ვართ. კიდევ გვაქვს შანსი, რომ წინ ვიაროთ და ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ. სწორედ ერთიანობაშია ჩვენი სიძლიერე. 

ესპანეთის ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ. ბევრჯერ გვაქვს ერთმანეთის წინააღმდეგ ნათამაშები და კარგად ვიცნობთ მეტოქეს. პორტუგალიის მსგავსად, ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. თუმცა, ყველამ ვნახეთ, რომ ყველა გუნდთან შესაძლებელია თამაში და ბრძოლა. ევროპის ჩემპიონატზე იოლი მეტოქე არ არსებობს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმუმი გამოიღოს ჩვენმა შრომამ. ნებისმიერ მეტოქესთან გავალთ საბრძოლველად და მოსაგებად".

გიორგი მიქაუტაძე (ეროვნული ნაკრების წევრი): "ბავშვობაში ევროპის ჩემპიონატს ტელევიზორში ვუყურებდი, დღეს კი, კიდევ ერთი გოლი გავიტანე და პორტუგალიას მოვუგეთ. ძალიან გახარებული ვარ და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, ვინც გერმანიაში ჩამოვიდა ჩვენს საგულშემატკივროდ". 


ტეგები:

Facebook - კომენტარები