პოლიტიკოს სამსონ გუგავას საზოგადოების დახმარება სჭირდება. ექიმებმა მას ღვიძლის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
"90-იანების რთული დრო იდგა. იურიდიული ფაკულტეტის ხმაურიან აუდიტორიაში დაგვიანებულმა სტუდენტმა შემოაღო კარი. ყურადღება უცებ მიიპყრო: მაღალი, სიმპათიური, ლამაზი ღიმილით, საოცარი ხმის ტემბრით რომ გაეცნო ლექტორს - სამსონ გუ-გა-ვა! სახელზე ჩავიქირქირე, მკაცრი მზერა მესროლა და სწორედ იმ წუთიდან აღმომაჩინა პატარა, ზღვისფერთვალება, "უზრდელი გოგონა", რომლისთვისაც სახელი სამსონი გახდა საფიცარი.
რა დრო გასულა, უკვე 22 წელი... მთელმა უნივერსიტეტმა იცოდა ჩვენი ისტორია. მეამაყებოდა მის გვერდით ყოფნა, გამორჩეული, ომახიანი, სიტყვაკაზმული, კარგი მეგობარი, ჩემი სვანი ბიჭი.
იყო ქორწილი, წელამდე თოვლი, სიცივე, გაჭიმული დიდი "სეფა" და უბედნიერესი მე, რომელსაც არ აღელვებდა ცუდი ამინდი.
ასე დაიწყო ჩემი ცხოვრება სოფლად, ერთმანეთის გვერდით, მხარდამხარ, სიძნელეების გადალახვით და დიდი სიყვარულით.
დიდი ხნის ავადმყოფობის შემდეგ, 8 წლის თავზე, გარდაიცვალა მამამთილი - საუკეთესო მამა და კარგი ადამიანი, რომელსაც ჯავრად გაყვა შვილიშვილის არ ყოლა. ასმაგად გულჩათხრობილი და დათრგუნული ვიყავი მე, 8 წელი ცოტა არ არის, ჩოქვით შემოვიარე ტაძრები და უფალს ვთხოვდი დედობას და სამსონის გაბედნიერებას, რომელსაც ერთი წუთით არ უგრძნობინებია ჩემთვის რა დარდს ატარებდა გულით და ყოველთვის მამხნევებდა მე.
15 წელი გაფრინდა შვილის ნატვრაში, ყველა ექიმი ერთიდაიგივეს გვეუბნებოდა, თქვენ აუცილებლად გეყოლებათ ბავშვები, ერთი არა, ბევრი, ამ სიტყვებით გადიოდა წლები, ამას მოჰყვა გადაწყვეტილება ხელოვნურის, რომელმაც ჩაიარა უშედეგოდ, რომლის ვალებს და პროცენტებს დღემდე ვიხდით, მარტო უფლის იმედად ვიყავი, როგორ მინდოდა ჩემი ცხოვრების ადამიანისთვის მეჩუქებინა შვილი.
დედამთილი ხელიდან გვეცლებოდა, ავად იყო, ტკბილი და თბილი დედა, ბავშვივით, რომ ეფერებოდა მთასავით კაცს - "ჩემი შვილი ხარ დედა"- ორივეს გვეცინებოდა - შენი შვილია ხო შენი, ვესროდი სიტყვას და ღიმილით, ამაყად გადმომხედავდა.
16 წლის თავზე მოულოდნელად ორსულობა დადგა. ჩავიკეცე და ისტერიკული ტირილი მოვრთე, გულგახეთქილი ჩამოვარდა მეორე სართულიდან სამსონი, დედას ხომ არ მოუვიდა რამეო, დამინახა კუთხეში მიკუჭული და ცრემლიანი - "სამსონ, ორსულად ვარ" - შიში, სევდა, სიხარული, იმედი ერთად მეხატა სახეზე. თავზე ხელი გადამისვა, ჩამეხუტა, დამამშვიდა, შევამჩნია, რომ არ დამიჯერა, მაგრამ მე, როგორც არასდროს ისე მჯეროდა ამის...
იმედი გამიძლიერდა, გრძელ რიგში ჩავდექით ექიმთან, ექიმი კაცია - "ერთი თვის ფეხმძიმობაა" თქვა უღიმღამოდ, "ჯერჯერობით ყველაფერი რიგზე გაქვთ". სამსონს გავხედე, ცრემლი ჩამოუგორდა, მე თავი ვერ შევიკავე და ხმაურიანად ავტირდი, ექიმი დაიბნა - "რა ხდება?",
"16 წელი ველოდით" - ძლივს წარმოთქვა სიტყვები სამსონიმ. ექიმი გაოგნდა - "ბუნებრივად?", "კი ბუნებრივად, აღარც ველოდით" ვთქვი მე. ექიმი ჩაგვეხუტა და მოგვეფერა.
ამ დღის შემდეგ, ჩვენს ეზოში სხვანაირად თენდებოდა და ღამდებოდა, ივნისის ბოლოს ველოდებოდით ბიჭს, სამსონის დედა ბედნიერია, მუცელზე მეფერება, სამსონივით მაგარი ბიჭი იქნებაო იღიმის, როგორი ბედნიერები ვართ, სულ ცოტა დარჩა.
19 მაისია, მოულოდნელად სამსონის დედა გარდაიცვალა. 19 ივნისი, მოულოდნელად, დროზე ადრე, ქვეყანას მოევლინა, ჩვენი 16 წლის ნანატრი, დავით გუგავა. დიდი სევდა დიდმა სიხარულმა შეცვალა. 4 წელია ჩემს ეზოში სხვანაირად თენდება და სხვანაირად ღამდება. გვაბედნიერებს ჩვენი ზღვისფერ თვალება ბიჭი დათუნა.
და სწორედ ახლა, როცა ასე ძალიან მინდა ცხოვრებით ტკბობა, ბედნიერების შეგრძნება, გააგრძელდეს უსასრულოდ, უეცრად სამსონის ავადმყოფობამ შეგვაშინა. დაიდო ექიმის დასკვნა, ღვიძლის სიმსივნე. ჩემთვის ცა ჩამოიქცა, ვერ ვიაზრებ რა ხდება ჩემს ირგვლივ, ვუყურებ დათუნას, ვუყურებ სამსონის, ასე რომ ჭირდებათ ერთმანეთი, ახლა რატომ ღმერთო? ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, დამეხმარეთ ადამიანებო, რომ შევძლო მისი გადარჩენა, რომ ისევ გავაგრძელოთ ერთად ცხოვრება. მე, სამსომ და ჩემმა ზღვისფერთვალება დათუნამ.
ყველას წინასწარ გიხდით მადლობას და ბოდიში შეწუხებისთვის!
საქართველოს ბანკი:
GE67BG0000000539706925
მიმღები:ნათია კიკვაძე
TBC ბანკი:
GE87TB7109645064300075
მიმღები: ზურაბ კიკვაძე,"-წერს სამსონ გუგავას მეუღლე ნათია კიკვაძე.