რა პრობლემები აქვს ტრანსპორტის სფეროს ქუთაისში?
ქუთაისში საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის საკითხი დიდ გამოწვევად რჩება! ბოლო წლებში განხორციელებული დადებითი ცვლილებების მიუხედავად, მდგომარეობა კრიტიკულია-განცხადებას ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ელეონორა არჩაია აკეთებს.
“არაერთხელ მივმართე საკრებულოსა და მერიის შესაბამის სამსახურს, თუმცა პრობლემა აქტუალობას არასდროს კარგავს და დღესაც, მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო რამდენიმე საკითხზე, რომლებიც მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ:
პირველ რიგში, ქალაქში ავტობუსები დიდი შუალედებით მოძრაობენ. მოქალაქეებს ზოგჯერ 30-40 წუთზე მეტიც უწევთ ლოდინი. ამასთან, ზოგიერთი ქუჩა და უბანი ნაწილობრივ ან მთლიანად მოწყვეტილია სატრანსპორტო სისტემას. ტრანსპორტის ხშირი ცვლა კი, მგზავრობის დროს ხარჯებს კიდევ მეტად ზრდის. სამარშუტო ტაქსების მდგომარება კრიტიკას ვერ უძლებს. მათი უმრავლესობა ტექნიკურად გაუმართავია და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები უგულვებელყოფილი.
დიდ პრობლემას წარმოადგენს ღამის საათებში გადაადგილებაც. 20 საათის შემდეგ ტრანსპორტი თითქმის აღარ მოძრაობს. ამასთან, ბილეთის ჩასარიცხი აპარატები ხშირად გაუმართავია. გარდა ამისა, მოსახლეობისგან ხშირად გვესმის, თუ როგორ წყვეტენ მძღოლები რეისებს თვითნებურად, არ მიყვებიან განრიგს და უგულებელყოფენ მგზავრების უსაფრთხოებას.
გარდა ამისა, ქალაქის სატრანსპორტო ხაზები არ არის დამატებული “Google maps” სისტემაში, სატრანსპორტო კომპანიას არ გააჩნია გამართული ვებსაიტი და მობილური აპლიკაცია, ასევე არ არსებობს ხელმისაწვდომი მარშრუტების რუკა, რაც კიდევ უფრო ართულებს ქალაქში გადაადგილების პროცესს.
ამ და სხვა არაერთი პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია სასწრაფო ცვლილებები და ქუთაისის სატრანსპორტო სისტემის ძირეული რეფორმა! საჭიროა, ახალი, მაღალი ტევადობის ევროპული სტანდარტის ავტობუსების დამატება, დასამატებელია ახალი ხაზები, რომლებიც სხვადასხვა უბნებს ერთმანეთთან უკეთ დააკავშირებს. ამასთან, აუცილებელია ახალი ავტობუსის გაჩერებების დამატება და უკვე არსებულის მოწესრიგება. საჭიროა, მძღოლების გადამზადება და მკაცრი კონტროლის მექანიზმების ამოქმედება. სამარშუტო ტაქსები კი მთლიანად შესაცვლელია.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე მუნიციპალიტეტმა ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით შეიძინოს დამატებითი ავტობუსები, რაც ზემოთ ჩამოთვლილ არაერთ პრობლემას მალევე გადაჭრის. მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, აქტიურად დავაყენებ აღნიშნულ ინიციატივას. ვიმედოვნებ, ქალაქის ხელისუფლება მოსახლეობის წუხილს გაიზიარებს და სატრანსპორტო სისტემის რეფორმას ყველაზე დიდ პრიორიტეტს მიანიჭებს,”-ამბობს ელეონორა არჩაია.

















