ხარაგაულში, სტიქიის ზონაში გეოლოგები სიღრმისეულ და კომპლექსურ საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევებს ახორციელებენ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სტიქიით დაზარალებულ სოფლებში – ღვერკსა და ხემაღალში რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი იმყოფებოდნენ.
მინისტრისა და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, მერთან ერთად, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნენ და მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემების გადაჭრის გზები განიხილეს.
მერმა აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა უკვე გაყვანილია უსაფრთხო ტერიტორიაზე.
იმ ოჯახებისთვის კი, რომლებიც გეოლოგების შეფასებით, სოფლის უსაფრთხო ნაწილში რჩებიან, მუნიციპალიტეტმა ალტერნატიული გზა გაჭრა. ყველა ოჯახი უზრუნველყოფილია წყლითა და ელექტროენერგიით,
უახლოეს პერიოდში დაინიშნება მუნიციპალური ტრანსპორტიც.
ტერიტორიაზე ამჟამად მუშაობს გეოლოგიური ჯგუფი, რომელიც ახორციელებს სიღრმისეულ და კომპლექსურ საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევებს. აღნიშნული პროცესი მიზნად ისახავს ზუსტი, მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნების შემუშავებას, რომელთა საფუძველზე შემდგომი გადაწყვეტილებები მიიღება.





