რეკლამა

საიდან მოდის ჭიათურის სოფელ მანდაეთის სახელწოდება?-საინტერესო ფაქტები სოფლის შესახებ

საიდან მოდის ჭიათურის სოფელ მანდაეთის სახელწოდება?-საინტერესო ფაქტები სოფლის შესახებ

სოფელი მანდაეთი მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ნიგოზეთის თემის სოფლები: ნიგოზეთი, წყალშავი, აგრეთვე საზღვარი გადის მდ. მდ. ხელმოსმულას და მლაშეღელეს წყალგამყოფი სერზე. სამხრეთით ესაზღვრება სოფელი
მეჩხეთური, აგრეთვე საზღვარი გადის მდ. მდ. დუმალას ხეობაზე. დასავლეთით საზღვარი ძირითადად გადის მდინარე ხელმოსმულას ხეობაზე, ესაზღვრება სოფელი ტყემლოვანა.

აღმოსავლეთით ესაზღვრება ნიგოზეთის თემის სოფელი ქვედა ბერეთისა ტყის მასივით, აგრეთვე სოფელი ქბილარი, საზღვარი გაუყვება მდ. ახაშმულასღელისა და დუმალას წყალგამყოფზე. მანდაეთის ყველაზე დაბალი წერტილი მდებარეობს თემის უკიდურეს
სამხრეთ-დასავლეთ პერიფერიაზე, მდ, ხელმოსმულას ხეობაში, მანდაეთის სამხრეთით, სიმაღლე ზღვის დონიდან 670 მეტრია, ხოლო მანდაეთის ყველაზე მაღალი ადგილია თემის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, შემაღლებული გორა, მდ. მდ. ხელმოსმულასა და დუმალას წყალგამყოფი, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 829 მეტრია (საზღვარი სოფელ ქედა ბერეთისასთან). მანდაეთის ცენტრის სიმაღლე (მანდაეთის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია) ზღვის დონიდან 760 მ. მანდაეთი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ვრცელდება საშუალოდ 5 კმ, ხოლო დასავლეთიდან-აღმოსავლეთისაკენ 4 კმ–ზე.

სოფელი მანდაეთი თავის არსებობას ითვლის XVII საუკუნის შუაწლებიდან, არსებობს თქმულება სოფლის სახელთან დაკავშირებით. მაშინდელი მანდაეთის ტერიტორია დაფარული ყოფილა გაუვალი ტყით, სადაც ბატონს გამოქცეული ყმა-გლეხები დასახლებულან,
ერთხელ ამ ტერიტორიაზე ნადირობდა რომელიღაც თავადი, მას შეხვედრია აქაური მაცხოვრებელი გლეხი და მისთვის უკითხავს ამ უღრან ტყეში მარტო როგორ ცხოვრობო, ამ გლეხს უთქვამს ,,მანდ ერთია კიდევო”, ამგვარად წარმოიშვა სოფლის სახელწოდება
მანდაეთი.

მანდაეთში 2014 წლისათვის ცხოვრობდა 278 კომლი, 818 სულით, სოფლის მოსახლეობა ბოლო 54 წლის განმავლობაში შემცირდა 844 მაცხოვრებლით, 1970 წელს ცხოვრობდა 1662 მაცხოვრებელი, 1980 წელს 1591, 1989 წელს 1500, 1999 წელს 515 კომლი, 1768 მაცხოვრებელი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით კი 1513 მაცხოვრებელი იყო. სოფლის ტერიტორიაზე არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც 1847 წელსაა აგებული, რომელიც საჭიროებს რესტავრაციას, სოფლის ტერიტორიაზე არის აგრეთვე ძველი ეკლესიის ნანგრევები, რომელზედაც ვარაუდობენ, რომ XVII საუკუნეშია აგებული.

სოფლის მთავარი დღსასწაულია აღდგომა, აგრეთვე გიორგობა. მანდაეთში არის სავარგულები, რომელსაც იყენებენ მარცვლეული კულტურების მოსაყვანად, აგრეთვე ბოსტნებისათვის, სოფლის ტერიტორიაზე არის რამდენიმე ნაკალოვარი, მოსახლეობას აქვს საკუთარი ვენახი, აგრეთვე მოსახლეობის უმრავლესობას აქვს საკუთარი სათიბი, მანდაეთის ტყეში უამრავი სოკო იცის. თითქმის ყველა სეზონზე სოფელი უზრუნველყოფილია სოკოს საჭმელებით, ზამთარში გამხმარი და დამარილებული სოკო გამოიყენება, წელიწადში ზოგიერთი სოკო 2-ჯერ მოდის. მწარე სოკოებიდან გავრცელებულია ვარყა, ტკბილი სოკოებიდან - ნიყვი, მიქლიო, კრინტიო (ძირბუკა), თხმელიო, ხახვილო, წიფლიო, მჭადიო, ღვინიო, ფქვილიო, წერეწო, ქამა, მგზავრიო, ცხვარიო, ძერანა, წიწილფეხა, შავჩოხა, ნაძვის სოკოების ნაირსახეობა, მანჭკვალა, მანძილო, ხის სოკოები და სხვა. სოფელში მისდევენ ძირითადად მესაქონლეობას, მეღორეობას, მევენახეობას და მეფუტკრეობას.

მოჰყავთ მცირე რაოდენობით სიმინდი, ლობიო, სოიო, ბოსტნეული კულტურები. მანდაეთში გავრცელებულია სხვადასხვა სახეობის ხილის ჯიში.

სოფლის ტერიტორიაზე უამრავი წყაროა, მათგან გამორჩეულია ვაშლიწყარო, კოდიწყარო, გარსიას წყარო, აღათიას წყარო, სოფლის ტერიტორაზე გაედინება მდინარე დუმალა, ლაშე, სოფელში არის აგრეთვე წყალსაცავი. მდინარე ხელმოსმულა გაედინება მდინარე ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტრიაზე, მდინარე ძირულას მარჯვნა შენაკადი, სათავე აქვს იმერეთის მაღლობზე, ზღვის დონიდან 805 მეტრ სიმაღლეზე, სიგრძე 18,4 კმ-ია, აუზის ფართობია 45,5 კმ2, საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით, წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ზამთარსა და ზაფხულში, წყალმოვარდნები შემოდგომაზე, საშუალო წყლის ხარჯი მდინარე დუმალას შესართავთან 1,1 მ3/წმ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში 115-ზე მეტი მღვიმეა ცნობილი. ზოგიერთი მათგანი გამოკვლეულია და იქ უძველესი ადამიანის საცხოვრისი და მრავალფეროვანი ნაღვეთი ფორმებია აღმოჩენილი. მათი უმრავლესობა ადვილად მისადგომია. მანდაეთის ულამაზესი მღვიმე მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მანდაეთში, მდინარე ძირულის მარჯვენა შენაკად დუმალის აუზში, სიმაღლე ზღვის დონიდან: 790 მეტრი, გეოგრაფიული კოორდინატები: ჩ.გ. 42°11' 0.2'', ა.გ. 43°20' 21.9''. მღვიმესთან მისასვლელი მანძილი, თბილისიდან (კორბოულის გავლით) - 170 კმ, ქუთაისიდან - 100 კმ, ჭიათურიდან - 20 კმ,ჭიათურა-მანდაეთის საავტომობილო გზიდან - 300 მ. ჯამში. 1993 წელს სოფელში გეოგრაფ ზაზა ლეჟავას მიერ შესწავლილი იქნა კარსტული რელიეფი, ე.წ. ზაქარიას კლდის შახტს, რომლის სიგრძე 22 მეტრი იყო. 2015 წელს მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიადაგი ჩაიქცა და გაიხსნა ნაპრალი, რომლის გაფართოების შემდეგ შესაძლებელი გახდა მღვიმის უცნობ დერეფნებსა და დარბაზებში შეღწევა. ამ დროისთვის მანდაეთის კარსტული მღვიმის სიგრძე 160 მ-ია, სიღრმე - 22 მ, სიგანე 3-5 მ, ჭერის სიმაღლე -2-5 მ, ფსკერის ფართობი - 820 მ2, საერთო მოცულობა - 1280 მ3. მღვიმეში გაედინება მუდმივმოქმედი ნაკადი, რომლის დებეტია 0,5-1,0 ლ/წმ. მანდაეთის მღვიმე კომბინირებულია და შედგება კარსტული ჭების, კარსტული შახტებისა და ჰორიზონტალური მონაკვეთებისაგან. მღვიმის 5 დარბაზი სამ სართულზე ვრცელდება. ადვილად მისდაგომსა და ყველაზე დიდ დარბაზს მინიჭებული აქვს ცნობილი სპელეოლოგის, ახალი ათონის ერთ-ერთი პირველი აღმომჩენის, გეოგრაფიის დოქტორის, პროფესორ ზურაბ ტატაშიძის სახელი. მღვიმეში მრავლად გვხვდება უნიკალური ნაღვენთი ფორმები, სტალაქტიტები, სტალაგმიტები და სტალაგნატები, ზოგიერთი ნაღვენთის ფორმის ასაკი 10 000 წელსაც კი აღემატება.

მანდაეთის მღვიმიდან სამხრეთ-დასავლეთით, მანდაეთი-ტყემლოვანის საავტომობილო გზის მახლობლად მდებარეობს მანდაეთის წყალსაცავი, რომელიც ქალაქ ჭიათურიდან 23 კმ-ით არის დაშორებული. წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიები ჩაფლულია ულამაზეს
ბუნებაში. სანაპირო ზონა საუკეთესო ადგილია კემპინგის მოსაწყობად. წყალსაცავში შესაძლებელია ნავებით გასეირნება, თევზაობა და სხვა აქტივობების ჩატარება.

სტატია მოამზადა გეოგრაფმა, თსუ-ს ასისტენტ-პროფესორმა, გეოგრაფიის აკადემიურმა დოქტორმა გიორგი დვალაშვილმა. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები