აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტი ინა არაბიძე გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიატია.
"იყო მასწავლებელი ნიშნავს იმას, რომ იყო ხელოვანი. მასწავლებლობა ღვთისგან ნაბოძები ნიჭია! ეს არის პროფესია, რომელიც მუდამ სწავლობს, რომ ასწავლოს. იყო მასწავლებელი ნიშნავს, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე, რადგან სწორედ პედაგოგებზეა დამოკიდებული მომავალი თაობების სწორად აღზრდა და მათთვის ხარისხიანი განათლების მიცემა. მოსწავლეებისთვის, პირველ რიგში, მეგობარი უნდა იყო, უნდა გესმოდეს მათი, სწორ რჩევებს უნდა აძლევდე, მათთვის საიმედო ადამიანი უნდა იყო და უნდა შეძლო ის, რომ თითოეული მათგანი ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბდეს, ჩვენი ქვეყნის საამაყო მოქალაქეებად. ნამდვილ პედაგოგს თავისი საქმე უნდა უყვარდეს და მუდმივად სიახლეების ძებნაში უნდა იყოს, მუდმივად განვითარდეს და რაც ყველაზე მთავარია, ბავშვები მთელი გულით უყვარდეს( ბავშვები ყველაზე მეტად გრძნობენ გულწრფელ სიყვარულსა და ყურადღებას)! ყოველი დღის ბოლოს უნდა ფიქრობდე-„აბა დღეს მე ვის რა ვარგე“?
ბედნიერი ვარ, რომ სწორი პროფესია ავირჩიე და ვამაყობ იმით, რომ ჩემი დასახული მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ და სწორედ ამ გზაზე მომავალ პედაგოგებს უდიდეს მოტივაციას და სტიმულს გვაძლევს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი,"-ამბობს ინა არაბიძე.