ამბროლაურის სოფელ სადმელში წყლის სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე არქიტექტურისა და ზედამხედველობის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორი ახალი რკინაბეტონის წყალმიმღები კაპტაჟის მოწყობა და ერთი არსებული კაპტაჟის რეაბილიტაცია, რკინაბეტონის რეზერვუარისა და საქლორატოროს მშენებლობა, ხოლო სოფელ სადმელის ქვედა უბნისთვის – ახალი 120-მეტრიანი ჭაბურღილის, 50 მ³-იანი ლითონის ავზისა და ალტერნატიული წყალმომარაგების სისტემის მოწყობა.
პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს სოფელ სადმელის მოსახლეობის უწყვეტ და ხარისხიან წყალმომარაგებას, მოაგვარებს ამორტიზებული ქსელის გამო არსებულ პრობლემებს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასმელი წყლის მიწოდების სისტემის ეფექტურობას.
პროექტის ღირებულება 1 252 297 ლარს შეადგენს.

















