მარინა ნიკოლაძე ქუთაისის მერიის ააიპ “სპეციალურ სერვისებში” იყო დასაქმებული. ნიკოლაძე ამბობს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს იმ მიზეზით, რომ არ მუშაობდა.
“ორი უბანი მებარა. მეუბნებიან არ მუშაობდიო, როცა სამუშაო იარაღი, ცოცხი არ მქონდა. 14 წელი ვმუშაობდი დასუფთავებაში. მითხრეს რეზერვში გადაგიყვანეთო. არ მინდა რეზერვში, მინდა სამსახურში დაბრუნება,”-ამბობს მარინა ნიკოლაძე.
ცნობისთვის, “სპეციალური სერვისები” ქუთაისის სისუფთავესა და მოსახლეობიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზეა პასუხისმგებელი.
მარინა ნიკოლაძის ბრალდებების საპასუხოდ აცხადებენ, რომ მას დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, ადმინისტრაციული სახდელი დაედო.
"სპეციალურ სერვისებს" არ შეუწყვიტავს მარინა ნიკოლაძესთან თანამშრომლობა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ დაფიქსირდა მისი მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, არ მომხდარა მისი სამსახურიდან გათავისუფლება, გადავიყვანეთ სარეზერვო ჯგუფში და ვაგრძელებთ მასთან თანამშრომლობას. სიმართლეს არ შეესაბამება ის ბრალდება, რომ მას სამუშაო იარაღი არ ჰქონდა. ასეთი რამ წარმოუდგენელია,"-ამბობს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე.