ჭიათურის მაღაროებში რეორგანიზაცია დაიწყო

ჭიათურის საწარმოებში განახლებულ საშტატო პოზიციებზე განაცხადების მიღება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს-ინფორმაციას ამის შესახებ “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი” ავრცელებს.
მათი თქმით, შერჩევის პირველივე დღეს დაფიქსირდა თანამშრომლების აქტიური ჩართულობა და სამუშაოების ახალი სტანდარტებით განახლების სურვილი.
“განცხადებების მიღება 24 აპრილს დაიწყო და 4 მაისამდე გაგრძელდება.
მეორე ეტაპზე დაგეგმილია ინდივიდუალური გასაუბრება წარმოდგენილი განცხადებების შესაბამისად, რომელსაც გაუძღვებიან მოწვეული ექსპერტები მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები. გასაუბრების მიზანია თანამშრომლების კვალიფიკაციის შეფასება და დადგენა, თუ რამდენად შეესაბამება დასაქმების მსურველის ცოდნა და გამოცდილება შერჩეულ პოზიციას.
რეორგანიზაციის ფარგლებში, საშტატო პოზიციები, მათ შორის ადმინისტრაციული რგოლიც, დაკომპლექტდება მხოლოდ საჭირო პროფესიის მქონე კადრებით,”-აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის, ჭიათურის მაღაროებში სამუშაო პროცესის აღდგენა 15-20 მაისის ჩათვლით იგეგმება.