ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მუნიციპალიტეტის მერმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა და ხარაგაულის ამომრჩეველს მხარდაჭერისა და სწორი არჩევანის გაკეთებისათვის მადლობა გადაუხადა.
“სრულიად საქართველოს ვულოცავ იმ დიდ გამარჯვებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" ღირსეულად და დამაჯერებლად მოიპოვა. განსაკუთრებული მადლობა ხარაგაულელ ამომრჩევლებს, რომლებმაც ხმა მისცეს ქვეყნის უკეთეს მომავალს, მშვიდობას, თავისუფლებასა და სტაბილურობას. არჩევნებზე გვქონდა წარმატებული შედეგი, რაც ნამდვილად დასაფასებელია. იმ შეფასებებს, რომელსაც აკეთებენ უცხოელი დამკვირვებლები, პრაქტიკულად ჰქვია ჩატარებული არჩევნების აღიარება და ლეგიტიმაცია.
ის სიყალბეები, რომელზედაც აგებულია ზოგიერთი მედია საშუალებები, ყველამ კარგად ვიცით, რომ სიმართლეს არ წარმოადგენს. საქართველოში არჩევნები ჩატარდა სრულიად კანონის დაცვით და ყველას ჰქონდა საკუთარი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მე პირადად ხმის მისაცემად ვიყავი ჩემს მშობლიურ სოფელში და აბსოლუტურად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა ყველაფერი. ასე იყო ხარაგაულის 37-ივე უბანზე.
მუნიციპალიტეტში ნდობა მოსახლეობის 67%-მა გამოგვიცხადა და ბუნებრივია, როდესაც ასეთ მხარდაჭერასა და გვერდში დგომას გრძნობ, მონდომება და პასუხისმგებლობა უფრო დიდია. როგორც ყოველთვის, შემდეგი ოთხი წელი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ ვიქნებით ორიენტირებული ხარაგაულის განვითარებაზე. ყოველი დღე, წუთი, საათი დახარჯული იქნება იმისათვის, რომ, რაც შეიძლება, მეტი სარგებელი მოვუტანოთ მუნიციპალიტეტს.
კვლავ პრიორიტეტული მიმართულებები იქნება: ჯანდაცვა, სოციალური, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული პრობლემების მოგვარება. ამასთანავე
მაქსიმალურ ყურადღებას დავუთმობთ ინფრასტრუქტურის განვითარებას, როგორებიცაა: გზების მოწესრიგება, წყლის სისტემების, გარე განათებისა და გაზიფიცირების საკითხები. ვფიქრობ, რომ ერთობლივი ძალებით ყველაფერი კარგად გამოგვივა. ხარაგაულის აღმასრულებელი ხელისუფლების კარი ღიაა თითოეული მოქალაქისათვის. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მათ გვერდით და მათი პრობლემების მოგვარებაში უფრო მეტად დავიხარჯებით. ბოლო 12 წლის განმავლობაში მოვახერხეთ, ბევრი რამ შეგვეცვალა უკეთესობისკენ და ეს ტემპი, რა თქმა უნდა, კვლავ გაგრძელდება “-განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.