გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.
კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 მარტის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 4 099 ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა.
"ყველაზე მეტი - 1 895 ჯარიმა, ქალაქ თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს/მფლობელებს დაეკისრათ; დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 866 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 744 - ბათუმში და 594 - რუსთავში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 4 099 სამართალდამრღვევიდან, 3 528 - ფიზიკური პირია, ხოლო 571 - იურიდიული პირი.
აღსანიშნავია, რომ 2 437 ჯარიმა მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს დაეკისრათ, 1 449 - მიკროავტობუსის, 212 - სატვირთო ავტომობილის და 1- ავტობუსის მძღოლს.
საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულება ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებაა, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაცაა. ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე შემცირება, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. დეპარტამენტის თანამშრომლები, ქვეყნის 4 დიდ ქალაქში, აქტიურად ახორციელებენ გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ.
აღსანიშნავია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარს შეადგენს. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს, ჯარიმის ოდენობა, 20%-ით შეუმცირდება.
ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის - www.videos.police.ge საშუალებით არის შესაძლებელი.