თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო. მათ შორის არიან გოგონები, რომლებიც სოფელში სტუმრად ჭიათურიდან იყვნენ ჩასულები. გარდაცვლილი გოგონები ელენე შუკაკიძე და ნინო კენჭოშვილი არიან.
მომხდარის შესახებ Ambebi.ge-ს გოგონების დამრიგებელი, სოფო ჩუბინიძე ესაუბრა:
"გოგონები ჩემი მოსწავლეები იყვნენ, ჩემს სადამრიგებლოში სწავლობდნენ. საზანოში სტუმრად იყვნენ, მიმდებარედ ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებდნენ. ერთ-ერთს ფეხი დაუცდა და მერე რიგ-რიგობით ჩაჰყვნენ დანარჩენებიც, გადარჩენის მიზნით.
ელენე და ნინო უკვე მოასვენეს. მშობლები სახლში ჰყავთ ამ გოგონებს. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ ყველა. წეღან ბავშვები წერდნენ, იქნებ ემოციებს თავი მოვუყაროთ და ორი საათისთვის ავიდეთო.
ვუთხარი ბავშვებს, მეც გამოგყვებით-მეთქი, მაგრამ არც ის ვიცი, როგორ უნდა წავიდე, არც ის ვიცი, დანარჩენები როგორ უნდა ვნახო, როგორ შევხვდე ოჯახს. ქალაქი შოკშია", - გვეუბნება გოგონების დამრიგებელი.
"როგორ დავიჯერო ჩემო დახატულო რომ აღარ ხარ", - წერს ნინო კენჭოშვილის ახლობელი.
"შენც კარგად იცოდი რომ ასეთი პოსტები არ მიყვარდა, მაგრამ თურმე რამხელა ტკივილი ყოფილხარ, ჩემო ციმციმა ვარსკვლავო. რამდენი მოგონება დამიტოვე მომენატრება ჩვენი ქუჩაში ბოლო ხმაზე სიცილი მთელი ქალაქის ყურადღებას რომ ვიქცევდით. ვისთან ერთად ვიჩხუბო და გადავეყარო შარს, ვის მოვუყვე ის ამბები და მერე ვისთან ერთად ვიღადაო მარტო მოგონებები დამიტოვე, მაგრამ რად მინდა, შენ თუ არ მყავხარ გვერდით.
ამდენი სიხარულის შემდეგ ამხელა ტკივილი მომაყენე და კარგად იცი, რომ ამას ვერ შევეგუები. ყველაზე მეტად შენ მჭირდები ჩემო ანგელოზო ხშირად დაგელაპარაკები მაგრამ პასუხებს ვერ მოვისმენ, შენ ხმას ვერ გავიგონებ აღარავინ მეტყვის, თათი შენ გარდა არავისთვის არ მითქვამს, პირველი შენ გამახსენდი. ჩვენი განსაკუთრებული დუო აღარ იქნება, რომელიც მთელ ქალაქს გადაატრიალებდა ერთ დროს", - წერს სოციალურ ქსელში ელენე შუკაკიძის მეგობარი.