ახალი ამბების სააგენტო Top-news.ge გთავაზობთ ინტერვიუს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, დავით ერემეიშვილთან.
1. ბატონო დავით, წლებია ჩართული ხართ ქალაქის მართვაში. თქვენი აზრით, რა არის ის გამოწვევები, პრობლემური საკითხები, რომელიც ამ დროისთვის ქუთაისს აქვს და საჭიროებს ეფექტურ მიდგომას?
ქუთაისი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი და დიდი ქალაქია, რომელიც ვითარდება ქვეყნის განვითარების შესაბამისად. თუმცა, ამავდროულად, გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ გამორჩეული და საუკეთესო. წლების მანძილზე, ჩვენს გუნდთან ერთად , ბევრი კარგი რამ შევმატეთ ქალაქს, თუმცა, ბუნებრივია, რჩება გამოწვევებიც, რომელთა დაძლევაზე ინტენსიურად ვმუშაობთ - მაგალითად, საგზაო და საბინაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სოციალური საკითხები, ეკოლოგია ტრანსპორტი...
2. როგორი იყო 2024 წელი ქუთაისისთვის? რა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა მიმდინარე წელს სხვადასხვა მიმართულებით და როგორ აისახება აღნიშნული პროექტები მოსახლეობის კეთილდღეობაზე?
2024 წელს ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის 45 527 603 ლარი დაიხარჯა. ეს თანხა მოიცავს როგორც ადგილობრივი ბიუჯეტის, ისე, ცენტრალური ხელისუფლებისგან დაფინანსებულ პროქტებს. 22 ქუჩაზე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მათ შორისაა წმინდა ნინოსა და ვარლამიშვილის ქუჩები, რომელთა სრული რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს - ადგილზე იცვლება როგორც მიწისქვეშა კომუნიკაცია, ასევე ფასადები, გზის საფარი და ტროტუარები. ქალაქის მასშტაბით შეიქმნა ახალი რეკრეაციული ზონები, ასევე განახლდა არა ერთი უკვე არსებული სკვერის ინფრასტრუქტურა, რეაბილიტირებულია 13 მრავალბინიანი კორპუსის ფასადი, მოწესრიგდა რამდენი საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა. აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ოღასკურას ნაპირსამაგრი სამუშაოები. უნდა აღინიშნოს ოქროს ჩარდახი, -ისტორიული ძეგლი, რომელიც ფასდაუდებელია ადგილობრივებისთვის და იზიდავს უცხოელ ტურისტებს, სრულად გაიწმინდა ფასადი და დაუბრუნდა ავთენტური სახე, შეიცვალა სახურავი, მოეწყო მუხის ხისგან დამზადებული აივნები, ეზოს კეთილმოწყობის ფრგლებში ჩატარდა გამწვანებისა და ბილიკების რეაბილიტაციის სამუშაოები, შეიცვალა ღობე და ჭიშკარი. აღსანიშნავია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მუზეუმის ყოფილი შენობა, რომელიც ახალ სიცოხლეს იძენს, პროექტი მალე დასრულდება და ქუთაისს ექნება მაღალი სტანდარტების მქონე მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე, სადაც მოეწყობა საინტერესო გამოფენები, შეხვედრები. გარდა ამისა, ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მოიხატა ფასადები - შეიქმნა მიურალები, რომლებმაც დამეთანხმებით დამატებითი ხიბლი შესძინა ჩვენს ქალაქს....
3. რა შეგიძლიათ გვითხრათ ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე-რამდენით იზრდება ბიუჯეტი და რომელი სფეროების დაფინანსება წარმოადგენს 2025 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს?
ქუთაისის 2025 წლის ბიუჯეტი 117 097 800 ლარით განისაზღვრა. პრიორიტეტად წელსაც, რა თქმა უნდა, რჩება ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებით დაიხარჯება 20 მილიონ ლარზე მეტი, რასაც წლის განმავლობაში დაემატება რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდიდან 11 მილიონ ლარამდე, ასევე, ველოდებით 40 მილიონ ლარს, რომელიც ქალაქს პრემიერ - მინისტრის გადაწყვეტილებით გადმოეცემა და ინფრასტრუქტურას მოხმარდება. მომავალ წელს პრიორიტეტული იქნება განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებები, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა და ბუნებრივია, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა.
4. რას ვეტყოდით ქუთაისის მკვიდრებს, იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვლიან, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მათთან უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს?
ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მოქალაქეებთან კომუნიკაცია პრობლემა ნამდვილად არაა. გარდა იმისა, რომ კვირაში ერთხელ, გეგმიურად გვაქვს მოქალაქეთა მიღება, მოსახლეობას პერიოდულად ვხვდებით მათი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით, სხვადასხვა ღონისძიებასა თუ რომელიმე კონკრეტული საკითხის განხილვაზე.
5. და ბოლოს, რას ვპირდებით ქუთაისის მოსახლეობას. რა სასიკეთო ცვლილებებს უნდა ელოდოს მოსახლეობა 2025 წელს?
2025 წელს, როგორც აღვნიშნეთ, ქუთაისი ხვდება სოლიდურად გაზრდილი ბიუჯეტით, უკვე კარგად გამოცდილი პროგრამების გაზრდილი დაფინანსებით, ასევე, ახალი პროგრამებით. დასრულდება რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მიმდინარე წელს დავიწყეთ და რომლებთაც დიდი მნიშვნელობა აქვთ ქალაქის იერ- სახის და იმიჯის შესაქმნელად. სოციალური მიმართულებით ვზრდით როგორც უკვე არსებული პროგრამების დაფინანსებას, ვამატებთ ახალ პროგრამებსაც, რათა მაქსიმალურად მოვიცვათ ჩვენი ქალაქის მოსახლეობა.
ვსარგებლობ შემთხვევით და თქვენი საშუალებით დამდეგ 2025 წელს ვულოცავ ქუთაისს და ქუთაისელებს, სრულიად საქართველოს! ერთად უნდა ვისურვოთ, რომ მომავალი წელი იყოს მშვიდობის, განვითარების და წინსვლის წელი!