გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალაშვილი კურორტ შოვის ტრაგედიას ეხმიანება. გეოგრაფი წერს, რომ შოვის ტრაგედია ეროვნული ტრაგედია, ბუნების და საზოგადოების თანაცხოვრების ჩატეხილი ხიდია.
"კურორტი შოვი ჩემთვის ყველაფერი იყო... პირველად მეოცე საუკენეში ვესტუმრე. იმ დროს თსუ-ს ასპირანტი ვიყავი. კურორტ შოვის კოტეჯებში 2002 წელს 1 კვირა ვცხოვრობდით, თსუს გეომორფოლოგიური ექსპედიციის ეგიდით. სხვანაირი გეოგრაფიული გარემო იყო მუდამ.
2000 წლიდან 2023 წლამდე ფაქტიურად არც ერთი წელი არ გამიცდენია შოვის ნახვის გარეშე. გამიმართლა. დიდ გეოგრაფ, რაჭის მყინვარების მკვლევარ, უფროს მეგობარ, პროფესორ რამინ გიბეჯიშვილთან ერთად ბევრჯერ მოვხვდით შოვის მიმდებარე ტერიტორიებზე. მათ შორის მყინვარ ,,თბილისასთან", ადგილ "ტბაუკებში" რამდენიმე დღე ვცხოვრობდით. მყინვარი მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა. უკან დახევის კატასტროფულ ნიშნულთან შორს იყო. მორენებს ხშირად ვარჩევდით მყინვარის მარკების მოსანიშნად. ფაქტიურად გლაციალოგიური ნათლობაც ჩემი და ჩემი მეგობრების თბილისას მყინვარზე შედგა მეოთხედი საუკუნის წინ, მყინვარ "თბილისისა" და "ბუბას" პერიგლაციალური, რამდენიმე საუკუნის წინათ ჩამოტანილ უზარმაზარ მყინვარულ მორენებზე.
მეოცე საუკუნეში გაშენებულ უნიკალურ კურორტ შოვში ბოლოს 55 დღის წინ ვიყავი. ძალიან მიმზიდველი ადგილი იყო კურორტი. ჩემი გეოგრაფად ჩამოყალიბების ერთ-ერთი პირველი ადგილი. დღეს კი ამ საუკუნეში უდიდესი ტრაგედიის ადგილად გადაიქცა, რომელმაც ბევრი ქართველი ერთმანეთს დააშორა. ზოგი სამუდამოდ. ზოგი გეოგრაფიულად. სამწუხაროდ, ზოგი პოლიტიკურად.
შოვის მოყვარული ხალხისათვის, შოვი აპოკალიპსის ადგილად იქცა. ნახვამდის კურორტ! ყოველთვის ყველას გვიყვარდი... შოვის ტრაგედია ეროვნული ტრაგედიაა. ბუნების და საზოგადოების თანაცხოვრების ჩატეხილი ხიდია. გატეხილი იმედია. დაკარგული სიცოცხლეებია. შესანდობარი მოგონებაა.. სამწუხარო მუზაა, რომელიც ძნელად გასარითმი ემოციების თანხვედრაა. დაუმთავრებელი სტრიქონებია...,"-წერს გეოგრაფი.