რეკლამა

გელათის გადაჩიჩქნილი ეზო-რა ხდება მონასტერში?

გელათის გადაჩიჩქნილი ეზო-რა ხდება მონასტერში?

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თორნიკე ბარათაშვილის თქმით, გელათის მონასტრის ეზო სრულად არქეოლოგოური ზონაა და მისი ტექნიკური სამუშაოებისთვის გაჭრა, შესწავლის გარეშე, დაუშვებელია.  

"რეაბილიტაციის კომიტეტის წევრები ყველა გამოსვლაში მთავარ აქცენტს საჯაროობაზე აკეთებენ. მოგვითხრობენ მუშაობის სტილზე, რომ გადაწყვეტილებები აღსრულებამდე სათათბირო ორგანოებში- საბჭოებში მუშავდება. გვიყვებიან, რომ პროცესის მიმდინარეობის და შედეგების შესახებ საზოგადოებას მუდმივად აყენებენ საქმის კურსში ინტერნეტ პლათფორმის მეშვეობით. 10 დღე ქვეყანაში არ ვიყავი, გელათის ეზო გუშინ გადაჩიჩქნილი დამხვდა. შევედი კომიტეტის ვებ-გვერდზე, სადაც უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროცესის, სამუშაოების მწარმოებლის, დაფინანსების წყაროს შესახებ- პროექტთან ერთად გამოქვეყნებული.

მოგეხსენებათ, გელათის მონასტრის ეზო სრულად არქეოლოგოური ზონაა, მისი ტექნიკური სამუშაოებისთვის გაჭრა დაუშვებელია შესწავლის გარეშე.  კონკრეტული სეგმენტი, რომელიც არ ვიცით რა მიზნით გადაითხარა, არქეოლოგების მიერ შესწავლილი ახლო წარსულში არ არის. სავარაუდოდ, არასდროს გაჭრილა. ამიტომ მასზე შეხება არქეოლოგიური დასკვნის გარეშე დანაშაულია! ვებ-გვერდზე არაფერი გვხვდება, გარდა ვიბრაციის კვლევისა, რომელიც მომავალში ჩასატარებელი სამუშაოების გავლენას სწავლობს.
მესმის რომ სურთ კითხვები არ დავუსვათ, დისკომფორტს გაურბიან. 

ბოლო, "ახალი" ჯგუფი 3 წლიან პერიპეტიებს ცუდად იცნობს, თუმცა ალბათ ხვდებიან,  ეგ რომ არ გვექნა დღეს გაცილებით დიდი ზიანის წინაშე ვიდგებოდით, ახლა არსებულის გადარჩენის შანსი მაინც არის. ამიტომ, ყველა კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა! ამჯერად გელათის მონასტრის გადათხრილ ეზოში შექმნილ ქაოსზე ველოდებით დეტალურ ინფორმაციას!

ტრაქტორის ნაკვალევი არქეოლოგიურ ზონაში-გატეხილი საფლავის ქვა წყალში- გელათის გადაჩიჩქნილი ეზო. გაჭრას გადაუდებელი აუცილებლობაც რომ მოითხოვდეს, არ შეიძლება გელათის ეზოში (რაც მეტწილად ხელშეუხებელია არქეოლოგიური კუთხით), რომელიმე ქუჩის რეაბილიტაციის მსგავსად მძიმე ტექნიკით მუშაობდე! ყველა სამუშაო არქეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, არქეოლოგების ჯგუფის უშუალო ჩარევით, მათი პასუხისმგებლობით, ხელით უნდა სრულდებოდეს,"-აცხადებენ ორგანიზაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები