რეკლამა

21 ცვლილება, რომელიც ძალაში დღეიდან შედის

21 ცვლილება, რომელიც ძალაში დღეიდან შედის

2024 წლიდან ქვეყანაში რამდენიმე სიახლე ამოქმედდება. მათი ნაწილი ძალაში 1-ლი იანვრიდანვე, ნაწილი კი მთელი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად შევა.

„ბიზნესპრესნიუსი“ ამ ჩამონათვალს გთავაზობთ:

2013 წლის ქვემოთ წარმოებული ავტომობილების რეგისტრაცია და შემოყვანა იკრძალება

2024 წლის 1-ლი იანვრიდან 2013 წლის ქვემოთ წარმოებული ავტომობილების რეგისტრაცია იკრძალება.

სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულება ძალაში შედის

ცვლილებების თანახმად, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით.

დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდება

შეზღუდვა M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00- 11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში 1-ლი იანვრიდან იმოქმედებს.

სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი სტანდარტები ამოქმედდება

სტომატოლოგიური კაბინეტისათვის ფართობი უნდა შეადგენდეს ძირითად სტომატოლოგიურ სავარძელზე − არანაკლებ 12 ​​​კვ.მ.-ს და ყოველ დამატებით სავარძელზე − არანაკლებ 6 ​​კვ.მ.-ს; სტომატოლოგიურ სავარძლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 2 მ-იანი დაშორება ან სავარძლებს შორის სივრცეები გამიჯნული უნდა იყოს სტაციონარული ტიხრით (სიმაღლით − არანაკლებ 1,8 მ-ისა). ამასთან, დადგენილების თანახმად, სტომატოლოგიური საქმიანობის განმახორციელებელ პირს უნდა ჰქონდეს სერვისის მიწოდებისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს) მარაგი.

სანიტარს, ბებიაქალს, უმცროს ექიმს და ექთნის თანაშემწეს მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაუწესდება

2024 წლის 1-ლი იანვრიდან, მინიმალური სახელფასო ზღვარი დაუწესდებათ შემდეგ პოზიციებზე დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს:

  • უმცროსი ექიმი - თვეში, არანაკლებ 960 ლარი (საათში - 5 ლარი) დარიცხული;
  • ექთნის თანაშემწე - თვეში არანაკლებ 672 ლარი (საათში - 3,5 ლარი) დარიცხული;
  • ბებიაქალი - თვეში, არანაკლებ 844 ლარი (საათში - 4,4 ლარი) დარიცხული;
  • სანიტარი - თვეში არანაკლებ 576 ლარი (საათში - 3 ლარი ) დარიცხული.

მთავრობა ცემენტის, კერამიკული ფილებისა თუ ჭერის პროდუქტების ზედამხედველობას დაიწყებს

2024 წლის 1-ლი იანვრიდან საზედამხედველო სფეროს ემატება 17 ახალი პროდუქტი (მათ შორის: თაბაშირ-მუყაოს, სტრუქტურული მეტალის, ცემენტის, კერამიკული ფილების, წებო-ცემენტის და ჭერის პროდუქტები).

მომავალში სამშენებლო პროდუქტების საზედამხედველო სფეროში იგეგმება 62 ახალი პროდუქტის დამატება (მათ შორის - გადახურვის პროდუქტები, ბლოკი, აგური, ქვის წყობასთან დაკავშირებული პროდუქტები, იატაკის პროდუქტები, ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა, აგრეგატები და თბოიზოლაციის პროდუქტები).

ელექტროენერგიის ტარიფი მცირდება

დედაქალაქისა და რეგიონების მოსახლეობისთვის, ელექტროენერგიის როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 3 თეთრით მცირდება.

კომერციული მომხმარებლებისთვის მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში წყლის ფასი გაიზრდება

უფრო კონკრეტულად, მცხეთასა და თბილისში 1 კუბურ მეტრზე წყლის ტარიფი 2 ლარითა და 30 თეთრით იზრდება, რუსთავში კი 2 ლარითა და 80 თეთრით.

ასაკობრივი პენსია ყველა კატეგორიის პენსიონერს გაეზრდება

70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარით. მაღალმთიანში კი იქნება 380 ლარი.

„ქართული ბრენდის“ შემცველობაში გამოყენებული სპირტის ზღვარი აღარ გაიზრდება

ბრენდის ეტიკეტზე მითითება „ქართული ბრენდი“ შესაძლებელი იქნება 2024 წლის 2 იანვრიდან იმ შემთხვევაში, თუკი ბრენდის საწარმოებლად გამოყენებული სპირტის არანაკლებ 85% საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან არის დამზადებული.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები სრულად დაფინანსდება

ყველა იმ ადამიანს, ვისაც სახელმწიფო, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გარკვეული ლიმიტების ფარგლებში უფინანსებდა, 2024 წლიდან, სრულად, მთელი წლის კურსს დაუფინანსებს.

პირველ კლასში შესვლას ის ბავშვები შეძლებენ, ვისაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე უსრულდება

ცვლილება შევა შემდეგ სასწავლო წელს და სკოლაში შესვლა შეეძლება მას, ვისაც 6 წელი შეუსრულდა 1-ელ დეკემბრამდე, ხოლო 2025-2026 წლებში უკვე მათ შეეძლებათ სკოლაში შესვლა, ვისაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდება.

ავტოსადგურებს სერტიფიცირება მოუწევთ, მგზავრების გადასაყვანად კი შესაბამისი ნებართვა გახდება საჭირო

პარლამენტმა წლის მიწურულს „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო. შედეგად, ავტოსადგურებს სერტიფიცირება მოუწევთ, მგზავრების გადასაყვანად კი შესაბამისი ნებართვა გახდება საჭირო.

ცვლილებების ავტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა, რომელთა განმარტებითაც, ცვლილებების მიღების ძირითადი მიზეზია საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის სფეროში და სამგზავრო ავტოსადგურებში არსებული მდგომარეობა.

ცვლილების თანახმად, ახალი წესები 2024 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდება.

კერძო და საჯარო დაწესებულებებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის აყვანა მოუწევთ

ორგანიზაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის აყვანა მოუწევთ. აღნიშნულს გულისხმობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შესული ცვლილებები.

მონაცემთა დაცვის ოფიცრის ყოლის ვალდებულება ექნება როგორც კერძო კომპანიების ნაწილს, ასევე ყველა საჯარო უწყებას მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებს. კერძო ბიზნესი, ვისაც ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვა მოუწევს იგულისხმება: საფინანსო სექტორი (ბანკები, მისოები და ა.შ.), სადაზღვევო სექტორი, სამედიცინო სექტორი, აეროპორტები, ელექტრონული კომუნიკაციის განმახორციელებელი კომპანიები, მობილურ ოპერატორები.. იმ პირთა წრეს კი, ვისაც არ შეეხება ვალდებულება, ცალკე განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტი, რომელიც დამუშავების პროცესშია.

მომდევნო წლიდან 2026 წლამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება აღარ შეიცვლება

2026 წლამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი აღარ შეიცვლება. ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 11 დეკემბერს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ცნობისთვის, 2023 წლის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება - 101 190 000 ლარია.

"დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად პორტფელების განაწილების პროცესი ამოქმედდება

3 იანვრიდან ყველა ის პირი, ვისაც 2023 წლის 6 აგვისტოდან 2023 წლის 6 სექტემბრამდე არ მიუღია გადაწყვეტილება, კვლავ დაბრუნდება კონსერვატიულ (ნაკლებადრისკიან) პორტფელში.

სუს-ის თანამშრომელთა, ასევე პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასები 20%-ით იზრდება

2024 წლის ბიუჯეტით, სუს-ის თანამშრომელთა, ასევე პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასები 20%-ით იზრდება.

საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურება მინიმუმ 1 330 ლარი გახდება

საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურებაზე 282 მლნ ლარით მეტი დაიხარჯება - დასაქმებულთა ანაზღაურება მინიმუმ 1 330 ლარი გახდება. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ანალიზშია აღნიშნული.

მასწავლებლებს, საჯარო სკოლის პერსონალსა და საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ

მასწავლებლებს, საჯარო სკოლის პერსონალსა და საბავშვო ბაღის თანამშრომლებს 2024 წლიდან ხელფასები ეზრდებათ. აღნიშნულს გულისხმობს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომლის დაინიცირება უკვე მოხდა პარლამენტში.

ირიგაციის ახალი ტარიფები დადგინდება

მელიორაციისთვის კომისიამ უკვე შეიმუშავა პროექტი, რომელიც ადგენს წყლის მოხმარება/მიწოდებასთან დაკავშირებულ წესებს, თუ როგორ უნდა მოხდეს წყლის მიწოდება, ვინ არის პასუხისმგებელი ამ საკითხებზე და ა.შ.

სუროგაციასთან, ინვიტრო განაყოფიერებასა და ინსემინაციასთან დაკავშირებული მონაცემები ერთიან რეესტრში აისახება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო დაწესებულება, სადაც აღნიშნული პროცედურები ტარდება, ვალდებული ხდება, გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, ასევე კონტაქტში მყოფი მასალების თუ პირების შესახებ ინფორმაცია, ერთიან ეროვნულ რეესტრში განათავსოს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები