ავტომაგისტრალის მშენებელმა კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენმა“ საკუთარი დასაქმებულები სამსახურიდან გაათავისუფლა.
სამსახურის გარეშე დარჩენილები მიიჩნევენ, რომ დამსაქმებელი მათ უკანონოდ მოექცა და დახმარების თხოვნით პროფკავშირებს მოგვმართეს.
პროფკავშირების გაერთიანების დარგობრივმა ორგანიზაციამ, „რკინიგზელთა ახალმა პროფესიულმა კავშირმა“ კომპანიასთან მოლაპარაკებები დაიწყო. რის შედეგადაც: დასაქმებულთა ნაწილი სამსახურში აღდგა, ნაწილმა, მოთხოვნის შესაბამისი კომპენსაცია მიიღო, ნაწილმა კი ბრძოლის გაგრძელება სასამართლოს ძალით გადაწყვიტა.
ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიმართლის დამტკიცებას პროფკავშირებთან ერთად სასამართლოს გზით აპირებენ: სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებების ბათილად ცნობას, კომპანიის მხრიდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და კომპანიაში თავდაპირველ სამუშაო პოზიციებზე აღდგენას ითხოვენ.
დასაქმებულების ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტები დაიცავენ.
პარალელურად, პროფკავშირებმა დასაქმებულთა მიმართ შრომითი უფლებების დაცვის შემოწმების მიზნით „მაქრო ქონსთრაქშენის“ ინსპექტირება/შემოწმების მოთხოვნით შრომის ინსპექციას მიმართა.
2023 წლის 3 ნოემბერს ობიექტზე დაწყებული არაგეგმური და სრული ინსპექტირების შედეგად, შრომის ინსპექციამ დარღვევები გამოავლინა. კერძოდ:
• კომპანია ზეგანაკვეთურად არ უნაზღაურებდა დასაქმებულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დასვენებისა (შაბათი, კვირა) და უქმე დღეებში ნამუშევარ დროს;
• კომპანია დასაქმებულების შრომის საათობრივ ანაზღაურებას ანგარიშობდა არა შრომით ხელშეკრულებაში გაწერილი ოდენობით, არამედ, უფრო ნაკლები ტარიფით;
• კომპანია დასაქმებულების ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას ანგარიშობდა არა შრომით ხელშეკრულებაში გაწერილი გაზრდილი 50 პროცენტიანი ოდენობით, არამედ – ნაკლებით;
• შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კომპანიას დასაქმებულებისთვის შვებულების დღეები უნდა აენაზღაურებინა ნორმირებული ფიქსირებული საათობრივი ანაზღაურების მიხედვით, მაგრამ უნაზღაურებდა არა ხელშეკრულებით გათვალსწინებული ტარიფით არამედ უფრო ნაკლებით.
შრომის ინსპექციამ „მაქრო ქონსთრაქშენი“ გააფრთხილა და დარღვევების გამოსასწორებლად 20 კალენდარული დღე მისცა. დადგენილ ვადაში დარღვევების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, შრომის ინსპექცია კომპანიას დააჯარიმებს და დარღვევების გამოსასწორებლად დამატებით ვადას განუსაზღვრავს.