დავით ხიდაშელი რაჭის ტყეებზე სამონადირეო ლიცენზიას არ ყიდის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „ბიზნესპრესნიუსს“ თავად განუცხადა.
საქმე ეხება გასულ კვირას გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დავით ხიდაშელის კუთვნილმა კომპანიამ „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ“ რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზია გაყიდა. „ანუ ხელშეკრულება უკვე ფორმდება და უახლოეს ერთ კვირაში ცნობილი გახდება, რომ რაჭის ტყეების ლიცენზიის ერთ-ერთი მონაწილე ესპანეთის სამონადირეო მეურნეობებთანაა დაკავშირებული; მეწილე ასევე გახდება სხვა ქართული კომპანიაც”, - ნათქვამი იყო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ამ განცხადებას წინ უძღოდა გარემოს ეროვნული სააგენტოს პოზიცია აღნიშნულ ლიცენზიასთან დაკავშირებით. „ბიზნესმენს ბოლო დროს ხელისუფლება ლიცენზიის გადახედვითა და შეჩერებით დაემუქრა. როგორც თავად კომპანიაში აცხადებდნენ, საქმე არა პირობების შეუსრულებლობას, არამედ თავად სახელმწიფოს მხრიდან შექმნილ გაუგებრობებს ეხებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითხოვდა იმ პირობების შესრულებას, რომელიც არ იყო სათანადოდ გაწერილი და თავად სახელმწიფო არ ასრულებდა თავის ვალდებულებებს.
გარემოსდაცვითმა დეპარტამენტმა ჯერ კიდევ 20 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიის „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” მიმართ სამართალდარღვევის ოქმები შედგა. როგორც განცხადებიდან ირკვევა, კომპანიამ დაარღვია პირობა, რაც მისი სალიცენზიო არეალის განვითარების გეგმის შედგენას და ამ გეგმის სახელმწიფოსთვის წარდგენას ითვალისწინებდა“, - აღნიშნული იყო სამინისტროს განცხადებაში.
დღეს კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბიზნესპრესნიუსს" განუცხადეს, რომ ბიზნესმენი ხიდაშელის განცხადება ლიცენზიის გაყიდვასთან დაკავშირებით არც სამინისტროს და არც გარემოს დაცვის სააგენტოს არ მიუღია.
ასევე, სამინისტროში განგვიმარტეს, რომ ხიდაშელს არ აქვს უფლება გაყიდოს ლიცენზია. ამის მიზეზი კანონის ორი, სხვადასხვა ჩანაწერია:
სამოქალაქო კოდექსისა და „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად, იურიდიული პირის წილის მესაკუთრის ცვლილება არ ახდენს გავლენას იურიდიული პირის ვალდებულებებზე, რადგან იურიდიული პირი დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შესაბამისი საბუთები წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს. ამასთან, ლიცენზიის გადაცემისათვის აუცილებელია, ლიცენზიის გამცემის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ცვლილებების შეტანა სალიცენზიო რეესტრში და ახალი სალიცენზიო მოწმობის გაცემა.
უწყებიდან პასუხის მიღების შემდეგ „ბიზნესპრესნიუსი“ დავით ხიდაშელს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ „100%-ით მართლები არიან (სამინისტრო), ლიცენზიას არავინ არ ყიდის“.
პარალელურად, რაჭაში აქტიურად აპროტესტებენ რეგიონის ტყეების 105 ათასამდე ჰექტარზე 49-წლიანი ლიცენზიის გაცემას კერძო კომპანიაზე, რომელიც ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილთან აფილირებულ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს. პროტესტმა ორი დღეა დედაქალაქში გარემოს დაცვისა და სოფლი მეურნეობის სამინისტროსთან გადმოინაცვლა.
პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ მფლობელის ცვლილება პროცესის შინაარს ვერ შეცვლის და სახელმწიფო უბრალოდ ცდილობს, რუსეთთან და ხელისუფლებასთან ნაკლებ კავშირში მხილებული კომპანიისთვის რაჭის ტყეების გადაცემას.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პოზიციები იცვლება. გასულ წელს, როცა პირველი პროტესტი იყო, ხიდაშელმა ახსენა ლიცენზიის 50%-იანი ფასდაკლებით გაყიდვა. იგივე რიტორიკა, რაც რამდენიმე დღის წინას ჰქონდა.
მეორე და მთავარი ნაწილი ის არის, სახელმწიფო ფიქრობს, რომ პროტესტი მთლიანად რუსული წარმომავლობის ფულის გამოა და მფლობელს ცვლიან. ამით არგუმენტს ანეიტრალებენ. ეს მათი თვალსაწიერია, რომ ეს აღარ იქნება რუსეთის კაცი და ლიცენზია თვითონ ძალიან კარგია. სამინისტროს პოზიცია ასეთია, რომ ჩვენ ვატყუებთ საზოგადოებას. ლამის სოციალურ პროექტად გამოიყვანეს ეს ლიცენზია, რომ ვიღაც ფულს ხარჯავს ტყის გადასარჩენად და ამით არანაირი მოგება არ ექნება ბიზნესმენს. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება კარგად ხედავს, პროცესის არსს და სახელმწიფოს მყიფე პოზიციასაც, რომელმაც 49 წლიანი ლიცენზია ისეთ პირზე გასცა, რომელიც მათივე თქმით, ვალდებულებებს ვერ ასრულებს. არ მესმის, ამან პროტესტი როგორ უნდა შეაჩეროს, როცა 105 ათასამდე ჰექტარ ტყეზე, სახლელმწიფო სწორ ლიცენზიანტს ვერ არჩევს” - უთხრა გოლეთიანმა „ბიზნესპრესნიუსს“.