უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქუთაისში. ავტოქარხნის დასახლებაში, მდინარე ოღასკურას ადიდების გამო, საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საგანგებო რეჟიმში მუშაობდა ქუთაისის მერიის ააიპ "სპეციალური სერვისები".
როგორც აღნიშნულ სამსახურში აცხადებენ, სანიაღვრე სისტემას დროის მოკლე მონაკვეთში ჭარბად მოსული ნალექის გატარება გაუჭირდა, რამაც სხვადასხვა ქუჩაზე პრობლემა შექმნა.
უხვი ნალექის მიზეზით, ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
დაზარალებულ მოქალაქეებს საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია შეხვდა.
"გვიან ღამით უხვმა ნალექმა, ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე, ასევე გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში საცხოვრებელი სივრცეების დატბორვა გამოიწვია.
ქალაქის შესაბამისი სამსახურები და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის თანამშრომლები, მთელი ღამის მანძილზე ცდილობდნენ დახმარებოდნენ მოქალაქეებს, რომ ნაკლები ზიანი მიდგომოდათ მათ სახცოვრებელ სახლებს. ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქის უმეტეს ნაწილში, ქვა-ღორღიდან იწმინდება სანიაღვრე არხები და შემკრები კოლექტორები.
პირადად ვეცნობი სხვადასხვა ლოკაციაზე დატბორვის შედეგად მიყენებულ ზარალს. ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც სჭირდება ჩემი, როგორც მაჟორიტარის თანადგომა, მზად ვარ, ჩემი კომპეტენცის ფარგლებში, მაქსიმალური გავაკეთო მათ დასახმარებლად.
ამ მიზნით მოქალქეებს შეუძლიათ დამირეკონ პირად ტელეფონზე: 551364141. ასევე, ხუთშაბათს, გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე მექნება მოქალაქეთა მიღება,"-ამბობს ირაკლი შენგელია.