საზღვრისპირა სოფელ პერევში, თიხის საწარმოში 46 ადგილობრივი დასაქმდა
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ოკუპირებულ ტერიტორიასთან მოსაზღვრე სოფელ პერევში, მდებარე თიხის საწარმოში 46 ადგილობრივი სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა.
პროგრამის მონაწილეებს შორის არიან როგორც ახალგაზრდები, ისე ხანშიშესული მოქალაქეები. სამთვიანი სტაჟირების განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ მიიღონ პრაქტიკული ცოდნა, მათ შორის: სამუშაო ადგილზე შეისწავლიან თიხაზე მუშაობის ტექნიკას, სხვადასხვა ნივთების დამზადებასა და ზოგად საწარმოო პროცესს.
საწარმოს საქმიანობის გასაცნობად თიხის საწარმოში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ეკატერინე სურმავა და დირექტორის მოადგილე ხათუნა ცერცვაძე იმყოფებოდნენ, რომლებიც სტაჟირების მონაწილეებს ადგილზე შეხვდნენ და დეტალური ინფორმაცია მიიღეს სამუშაო ადგილზე არსებულ ვითარების შესახებ.
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, სამუშაო ადგილზე, მაქსიმუმ ექვსი თვის განმავლობაში, შეიძინონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, ამასთან, მიიღონ სახელმწიფოსგან ყოველთვიური 500-ლარიანი სტიპენდია.
2026 წელს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში 145 დამსაქმებელი და 800 მოქალაქე ჩაერთო.





