ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორის პოზიციაზე ვახტანგ ცაგარელი დაინიშნა. ვახტანგ ცაგარელი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის რანგში წარმატებით უძღვებოდა უნივერსიტეტის აკადემიურ პროცესებს და, ამავდროულად, ხელმძღვანელობდა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს.
"მან, როგორც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ პროექტების დირექტორმა, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა KIU-ს კონცეფციის შემუშავებასა და მისი ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში.
ვახტანგ ცაგარელს წარჩინებით აქვს დამთავრებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფლობს ფიზიკის მაგისტრის ხარისხს ნახევარგამტარებისა და მყარი სხეულის ფიზიკის სპეციალობით. სხვადასხვა სასწავლო პროგრამით იმყოფებოდა გერმანიაში, ჩეხეთში, აშშ-ის რამდენიმე შტატში.
არის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) SEEIST პროგრამის წარმომადგენელი საქართველოში. გავლილი აქვს ევროპის მენეჯმენტის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების კურსი,"-ნათქვამია სასწავლებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





