როგორ ებრძვის იმერეთი დიდთოვლობას?
იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების მოგვარება-ინფორმაციას ამის შესახებ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყველა შესაბამისი სამსახური 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.
“ამ დროისთვის გადაადგილება მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებით შესაძლებელია მხოლოდ 10 სოფელში, გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. პროცესში ჩართულია რამდენიმე ათეული ერთეული სპეციალური ტექნიკა.
გაზმომარაგება დროებით შეფერხებულია დაახლოებით 100 აბონენტისთვის, მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია კვლავ მიეწოდება შეფერხებით, თუმცა შესაბამისი ჯგუფები ადგილზე მუშაობენ დაზიანებების დროულად აღმოსაფხვრელად.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მუდმივ კოორდინაციაში იმყოფება მუნიციპალიტეტებთან და რეგიონულ წარმომადგენლებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს სიტუაციის ეფექტიანი მართვა და კრიზისებზე ოპერატიული რეაგირება.
მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართული საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაბამისი სამსახურები,”-აცხადებენ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.





