შუქრუთის მაღარო საქმიანობას ოქტომბრის თვეში დაიწყებს

ჭიათურის საწარმოების რეორგანიზაციის ფარგლებში, შუქრუთის მაღაროზე აღდგენითი და გამაგრებითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება-ინფორმაციას ამის შესახებ “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი” ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების შუალედური შედეგები ადგილზე შეაფასა საწარმოების მმართველმა მიხაილ სოცკიმ, რომელმაც უშუალოდ გაეცნო მიმდინარე პროცესს.
“სამუშაოების მრავალთვიანი იძულებითი შეწყვეტის ფონზე, შუქრუთში ინფრასტრუქტურული მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია. სწორედ ამიტომ, სამუშაოები შრომატევადი და გრძელვადიანია, პროცესი კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდება.
გეგმის მიხედვით, მოპოვებითი საქმიანობა შუქრუთის მაღაროში ოქტომბრის თვეში განახლდება, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საწარმოების სტაბილური ამოქმედებისა და უწყვეტი ფუნქციონირების კუთხით,”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.