ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.
რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, სამუსიკო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა შენობის ფასადი, ინტერიერი, საკლასო ოთახები, საკონცერტო დარბაზები, საგამოფენო სივრცე ( მუზეუმი), შეიცვალა გადახურვა, ელექტრო და წყალგაყვანილობის სისტემა. რგპფ -ის მიერ დაფინანსებული პროექტის ღირებულება 1 341 758 ლარია.
რეაბილიტირებული სამუსიკო სკოლის გახსნას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა არამხოლოდ ჩვენი ქალაქის, არამედ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკალური სასწავლებელია.
მოხარული ვარ, რომ ასეთი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩავატარეთ. მჯერა, რომ სამუსიკო სკოლა ნებისმიერი დონის საერთაშორისო მუსიკალურ ღონისძიებას ღირსეულად უმასპინძლებს, ხოლო ამ სკოლის მოსწავლეები კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ და ქუთაისს ასახელებენ,"-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალურის სამუსიკო სასწავლებლის გახსნის ცერემონიალი კონცერტით დასრულდა , რომელშიც მონაწილეობდნენ სასწავლებლის აღსაზრდელები, კამერული ორკესტრი და ბავშვთა გუნდი.
ღონისძიებაზე ქუთაისის მერიამ სხვადასხვა საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები გადასცა.