რეკლამა

“2024 წელი იმერეთის რეგიონისთვის ნაყოფიერი იყო”

“2024 წელი იმერეთის რეგიონისთვის ნაყოფიერი იყო”

ჩვენი რეგიონის და, ზოგადად, ქვეყნის განვითარების გზა არის ჩვენს ხელში, ერთად უნდა გავუმკლავდეთ დაბრკოლებებს და შევქმნათ ძლიერი ქვეყანა, რომელიც თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით იქნება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, – ამის შესახებ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ზალკალიანმა განაცხადა და მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

ლევან ზალკალიანის თქმით, რეგიონისთვის მიმდინარე წელი ნაყოფიერი იყო.

„რამდენიმე საათში კიდევ ერთი წელი დაიწყებს ათვლას, კალენდარზე 2024-ს 2025 წელი შეცვლის, უკეთესი მომავლის რწმენით და იმედით. ახალ წელს ულევი სიხარული, სიკეთე, წარმატებები მოეტანოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის. 2024 წელი არ იყო მარტივი ჩვენი ქვეყნისთვის, სირთულეებისა და რისკების მიუხედავად, გვქონდა პროგრესი ყველა მიმართულებით. 2024 წელს იმერეთის განვითარებისთვის დაიხარჯა 1 046 360 946 ლარი და შესრულდა 3 163 პროექტი. სულ რამდენიმე დღის წინ უმნიშვნელოვანესი ობიექტი შეემატა იმერეთს. დასრულდა ქვესადგურ „წყალტუბო 500“-ის მშენებლობა. პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაძლიერდება მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი. ასევე მიმდინარე წელს საფუძველი ჩაეყარა ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში პირველი ტექნოლოგიური ჰაბის განთავსებას. შესაბამისი სამუშაოები უკვე დაიწყო და მომავალ წელსაც გაგრძელდება. ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი იქნება ინოვაციების, შესაძლებლობებისა და კრეატივის სივრცე, ის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ციფრულ და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი – 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყება. ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარებას. წელს საუკუნის პროექტის ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელურად, ახალი 1 800 მ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა. გარდა ამისა, გაიხსნა შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა. აღსანიშნავია ისიც, რომ იმერეთში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიზნით არაერთი სკოლისა და საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდა. მომავალ თაობებზე ზრუნვა და თანაბარ პირობებში განათლების ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2024 წელს 200-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი.

აქვე მინდა ვახსენო სოციალური მიმართულებით მერიების მიერ განხორციელებული პროგრამებიც. წელს, რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 30-მდე ოჯახს ახალი სახლი აუშენდა. ბუნებრივია, ყველა პროექტზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა მინდა, იცოდეთ, რომ თითოეული მათგანი არის მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული. ჩვენი რეგიონის და, ზოგადად, ქვეყნის განვითარების გზა არის ჩვენს ხელში, ერთად უნდა გავუმკლავდეთ დაბრკოლებებს და შევქმნათ ძლიერი ქვეყანა, ქვეყანა, რომელიც თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით იქნება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგს“, – განაცხადა ლევან ზალკალიანმა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები