რეკლამა

რისი მოწყობა იგეგმება ბაღდათისა და ვანის ტყეებში?

რისი მოწყობა იგეგმება ბაღდათისა და ვანის ტყეებში?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტებში 13 202 ჰა სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის 30 წლის ვადით გაცემის მიზნით აუქციონი უნდა გამოაცხადოს.

მთავრობის განკარგულებაში ვკითხულობთ, რომ ლიცენზიის მიმღებმა სამონადირეო მეურნეობის მოწყობა/ფუნქციონირებისთვის ლიცენზიის მიღებიდან 5 წელში 4 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

„ლიცენზიის მიმღებმა ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის ვადაში უნდა უზრუნველყოს არჩვი (Repicapra rupucapra linnaeus) აღწარმოების შესაძლებლობების კვლევა და აღწარმოების პროგრამის სამინისტროში შესათანხმებლად წარდგენა.

ამასთანავე, უნდა უზრუნველყოს სალიცენზიო ფართობზე ირმისა (Cervus elaphus linnaeus) და სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით განსაზღვრული სანადიროს სახეობების საშენების მოწყობა ბუნებაში მათი გაშვების მიზნით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლიცენზიის მიმღებმა არაუგვიანეს ერთი წლის ვადაში ტერიტორიაზე 40 ფოტო-ხაფანგი უნდა განათავსოს და შეიძინოს მინიმუმ ორი დრონი. ამავე პერიოდში მეურნეობაში 12 რეინჯერ-ეგერის დასაქმება უნდა მოხდეს. დასაქმებულების 80% ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან უნდა იყოს.

ამასთანავე, ადგილზე უნდა მოეწყოს ორი არაკაპიტალური ნაგებობა, რომელიც სამედიცინო პუნქტის ფუნქციას შეასრულებს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ვეტერინარული პუნქტის მშენებლობაც.

სალიცენზიო პირობების თანახმად, უნდა მოეწყოს მეურნეობამდე მისასვლელი და შიდა გზები, ამასთანავე, გათვალისწინებულია საფეხმავლო და საცხენოსნო ბილიკების მოწყობაც. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ვიზიტორებისთვის მოსასვენებელი თავშესაფრებისა და კოტეჯების მშენებლობა.

ლიცენზიის მიმღებმა 2024 წლიდან ეტაპობრივად უნდა შეიძინოს თოვლისმწმენდი ტრანსპორტი, 10 ცხენი, 2 თოვლმავალი და 4 მაღალი გამავლობის ტრანსპორტი.

ცნობისთვის, „ბიზნესპრესნიუსი“ წერდა, რომ 2023 წლის ბოლოსთვის 15 სამონადირეო ლიცენზია იყო გაცემული. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულს შორის იყო შ.პ.ს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“, რომელიც ლიცენზიას რაჭის ტერიტორიაზე ფლობდა. კომპანიას გასული წლის ნოემბერში გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია ძალადაკარგულად გამოაცხადა. სააგენტომ მიზეზად სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა დაასახელა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები